მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩატარების სავარაუდო თარიღი ცნობილია - Palitra News

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩატარების სავარაუდო თარიღი ცნობილია

2019-06-06 11:12:13+04:00

პირებს, რომლებიც მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას 1-ელი ივლისიდან ჩააბარებენ, შესაძლოა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარებაც მოუწიოთ. ამის შესახებ "საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია.

პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. კერძოდ, გამოცდა ჯერ დახურულ საგამოცდო მოედანზე, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ მარშრუტებზე ჩატარდება.

ამასთან, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ცვლილება ითვალისწინებს დათქმას, რომ პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდას 2019 წლის 1 ივლისამდე ჩააბარებს, პრაქტიკულ გამოცდასაც ზემოთაღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული წესით ჩააბარებს.