სახალხო დამცველი ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ეხმაურება - Palitra News

სახალხო დამცველი ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ეხმაურება

2020-11-05 14:57:28+04:00

2020 წლის 31 ოქტომბერს დაბა ქსანში, მდებარე N15 დაწესებულებაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის თანამშრომლებს, ad hoc ვიზიტის დროს დაბა ქსანში, მდებარე N15 დაწესებულებაში გახსნილ საარჩევნო უბანზე უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს.

ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ განხორციელებულა.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წელს გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში, სადაც საუბარი იყო N15 დაწესებულებაში მომძლავრებული კრიმინალური სუბკულტურის არსებობაზე და მათ გავლენებზე ციხის ადმინისტრირების პროცესში, რაც პატიმართა უფლებების თავისუფალ რეალიზებაზე უარყოფითად აისახება.