საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეზღუდული იქნება 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 7 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. შეზღუდვა გავრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტითა და კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ გავრცელდება: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2 000-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 000-ლარიანი.