ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) კიდევ რამდენიმე ხელმომწერ ორგანიზაციასთან ერთად სოფელ ბუკნარში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მთავარობას მიმართავს და მოუწოდებს, გააუქმოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. მიმართვას ხელს აწერს: ევანგელურ - ბაბტისტური ეკლესია; ქართველ მუსლიმთა კავშირი; სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო; ევანგელისტური ეკლესია; პლატფორმა სალამი; სოლიდარობის პლატფორმა.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, რომ ბუკნარში გამოვლენილი რელიგიური შევიწროების შემთხვევაზე სახელმწიფოს შედარებით აქტიური რეაგირება ჰქონდა. ამასთან, ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებით, არსებითია, რომ სახელმწიფო უწყებებმა შეისწავლონ სოფელ ბუკნარში მომხდარი ფაქტის მსგავსი რელიგიური დევნის, შევიწროების, კონფლიქტებისა და გაუცხოების პრაქტიკის სისტემური მიზეზები და მას რეფორმებით უპასუხონ.
ხელმომწერი ორგანიზაციები ითხოვენ სახელმწიფომ შეიმუშავოს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკის რეფორმის თანმიმდევრული გეგმა, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო აქტორების რეკომენდაციებს, ასევე სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან და ადამიანის უფლებათა აქტორებთან ორგანიზებულ დემოკრატიულ კონსულტაციებს დაეფუძნება.