მეათე მოწვევის პარლამენტში ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ, ანა ბუჩუკურმა აღნიშნა, ადამიანის უფლებების მიმართულებით არასრულწლოვანთა უფლებები ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმდჯომარემ, მიხეილ სარჯველაძემ იმდეი გამოთქვა, რომ მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა ღასან ხალილმა ახალჩამოყალიბებულ საბჭოს წარმატებული საქმიანობა უსურვა. მან იმედი გამოთქვა, რომ ბავშვთა უფლებების დაცვის საბჭო იქნება ძლიერი ეროვნული მექანიზმი, რომელიც განახორციელებს ბავშვთა კოდექსის აღსრულების ეფექტიანობის ზედამხედველობას.
გაეროს ბავშვთა ფონდი ულოცავს ყველა ბავშვს საქართველოში პარლამენტში ბავშვთა უფლებების სპეციალური საბჭოს არსებობას. ამ საბჭოს მთავარი ფუნქცია ბავშვის უფლებათა კოდექსის ეფექტიანი განხორციელების მონიტორინგია. კოდექსის ეფექტიანი განხორციელება ნიშნავს, რომ ბავშვების უფლებები არ დაირღვეს, ბავშვთა კეთილდღეობა იყოს მიღწეული და ბავშვებს მიეცეთ მათი პოტენციალის სრულად განვითარების საშუალება. ვულოცავ საბჭოს თავმჯდომარეს და ყველა წევრს და ვუსურვებ მათ დაკისრებული პასუხისმგებლობისთვის თავის საუკეთესოდ გართმევას.