სად ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი თბილისში - "საქსტატმა" უძრავი ქონების ფასების გამოქვეყნება დაიწყო - Palitra News

სად ღირს ბინები ყველაზე ძვირი და იაფი თბილისში - "საქსტატმა" უძრავი ქონების ფასების გამოქვეყნება დაიწყო

2021-04-27 08:15:13+04:00

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 1-ელ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2%-ით გაიზარდა. ინდექსის წლიურმა ზრდამ კი 13.6% შეადგინა.

კერძოდ, საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, ბინების სეგმენტში ფასები 1.8%-ით, კერძო სახლების სეგმენტში კი - 2.6%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება 2020 წლის 1-ლი კვარტლის მონაცემებს, წლიურ ჭრილში ბინების ფასები საშუალოდ - 12%-ით, ხოლო კერძო სახლების - 18,3%-ით არის მომატებული.

ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, ბინების შემთხვევაში 1 კვადრატული მეტრის საშუალო ფასი ყველაზე მაღალი - 4 ათას 236 ლარი მთაწმინდაზეა; მას მოსდევს ვაკე - 3 ათას 774 ლარით; მე-3 ადგილზე კი საბურთალოა, სადაც კვადრატული საშუალო ფასი - 3 ათას 236 ლარს შეადგენს. ბინების ფასი ყველაზე დაბალი - 2 ათას 359 ლარი არის სამგორში.