ქალაქი ქუთაისი იმერეთის მხარეში, მდინარე რიონის ნაპირებზეა განლაგებული. ქუთაისია იმერეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. იგი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და მეხუთეა ევროპის უძველეს ქალაქებს შორის. ქალაქის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აქ ძვ. წ. XV-XIII საუკუნეებიდან დასტურდება კოლხური კულტურის არსებობა. ქუთაისის დოკუმენტური ისტორია ძვ.წ. III საუკუნიდან იწყება, თუმცა ანტიკური ავტორები მას კოლხეთის სამეფოს (ძვ.წ. VIIIს) დედაქალაქად თვლიდნენ. ქალაქის ძველი სახელებია: აია, ქუთაია და ქუთათისიუმი. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე შემორჩენილია ვრცელი დასახლების კვალი. VI საუკუნეში ქუთაისი ეგრისის სატახტო ქალაქი იყო. VIII საუკუნის ბოლოს კი იგი უკვე ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი გახლდათ. X საუკუნეში ქუთაისი ახალგაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი გახდა. აქ ეკურთხა მეფედ დავით აღმაშენებელი. სწორედ დავით აღმაშენებელმა ააგო ქუთაისთან ახლოს გელათის ტაძარი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმათლებლო კერა გახდა.ქუთაისი და მისი მიმდებარე ტერიტორიები კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. თუკი ქუთაისს ესტუმრებით აუცილებლად უნდა მოინახულოთ ქუთაისთან ახლოს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარე სათაფლიისა და პრომეთეს მღვიმეები. იმერეთში მრავალი ულამაზესი კარსტული მღვიმეა. სათაფლიაში გარდა სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების წყებით შემკული ჯადოსნური დარბაზებისა, დინოზავრის ნაკვალევის ნახვასა და პრეისტორიულ სამყაროში მოგზაურობას შეძლებთ.