"წვიმის კაცი" (Rain Man, 1988, ბარი ლევინსონი) – ბარი ლევინსონის „წვიმის კაცი“, რომელმაც ახალბედა ტომ კრუზს აღიარება, გამოცდილ დასტინ ჰოფმანს კი, „ოსკარის“ პრემია და ბრწყინვალე სახასიათო მსახიობის სახელი მოუტანა, არც 35 წლის შემდეგ კარგავს პოპულარობას. მეტიც, შესაძლოა არაჩვეულებრივმა დრამამ გულწრფელ ურთიერთობებსა და ჭეშმარიტ ფასეულობებზე თანამედროვე ეპოქაში უფრო მეტი აქტუალურობა შეიძინა, როცა გულგრილობა და გაუცხოება ადამიანებს შორის ჩვეულებრივ ყოველდღიურობად იქცა.
ფილმის სცენარზე ცნობილმა დრამატურგმა ბარი მოროუმ იმუშავა, რომელიც ნაცნობი ბარისტის ბილი მიტჩელის ისტორიით აღფრთოვანდა. როგორც აღმოჩნდა, ბავშვობაში მიტჩელი გონებრივად ჩამორჩენილად მიიჩნიეს და ფსიქიატრიულ კლინიკაში გაამწესეს, სადაც ნაკლებად კომუნიკაბელურ მოზარდზე, რომელმაც არც წერა იცოდა, არც კითხვა, მედიკოსებმაც ხელი ჩაიქნიეს. უყურადღებოდ მიტოვებულმა ბილიმ მაინც შეძლო გადარჩენა, 15-წლიანი იძულებითი განდეგილობის შემდეგ კლინიკის დატოვება და სრულფასოვანი ცხოვრების დაწყება. მიტჩელი მშობლიურ ოსტინში დაბრუნდა და ბარში დაიწყო მუშაობა, სადაც ხალასი იუმორის და საოცარი ქარიზმის წყალობით სწრაფად მოიპოვა მუდმივი კლიენტების სიყვარული და პატივისცემა. მიტჩელის თაყვანისმცემლებს შორის აღმოჩნდა მოროუც, რომელმაც 1983 წელს სატელევიზიო ფილმისთვის „ბილი - საკუთარი თავისთვის“ დაწერა სცენარი. სწორედ ტელეისტორიით დაინტერესდა პროდიუსერი ჯიმ სალივანი, რომელმაც წარმატებული ტელეფილმის კინოვერსიის შექმნა გადაწყვიტა, რეჟისორად კი, სტივენ სპილბერგი მიიწვია.