რამდენიმე ევროპული ქვეყანა ავღანეთში ერთობლივი დიპლომატიური მისიის გახსნაზე მუშაობს, რომელიც საშუალებას მისცემს მათ ელჩებს, ქვეყანაში დაბრუნდნენ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
„ვფიქრობთ ევროპულ ქვეყნებს შორის ორგანიზაციაზე. საერთო ლოკაცია რამდენიმე ევროპული ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენს ელჩებს იქ ყოფნის საშუალებას მისცემს,“ - განაცხადა მაკრონმა.
მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი თალიბანის პოლიტიკურ აღიარებას არ ნიშნავს.
”ეს დიპლომატიური ნაბიჯი განსხვავდება „თალიბანის“ პოლიტიკური აღიარებისგან ან მათთან დიალოგის დაწყებისგან,“- აღნიშნა მაკრონმა.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, „თალიბანთან“ გამართული დიალოგის შემდეგ, ევროკავშირმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ბლოკმა, ავღანეთში, შესაძლოა მისია გახსნას.
„ქაბულში წარმომადგენლობის გახსნა, რაც არ გამოიწვევს აღიარებას, პირდაპირ იქნება დამოკიდებული უსაფრთხოების ვითარებაზე, ისევე როგორც დე ფაქტო ხელისუფლების ეფექტურ გადაწყვეტილებებზე, რათა ევროკავშირმა უზრუნველყოს საკუთარი პერსონალისა და შენობების ადეკვატური დაცვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა ავღანეთში საელჩოები დახურეს და დიპლომატები გაიყვანეს, როდესაც „თალიბებმა“ ქაბულზე კონტროლი დაამყარეს. ამის შემდეგ „თალიბანმა“ დროებითი მთავრობა დაასახელა, რომლის რამდენიმე წევრის წინააღმდეგ აშშ-სა და გაერო-ს სანქციები აქვთ დაწესებული.