თურქეთში ონლაინ შოპინგით ქალები უფრო დაინტერესებული არიან, ვიდრე მამაკაცები. ვაჭრობის სამინისტროს „სამომხმარებლო პროფილისა და ინფორმირებულობის დონის კვლევის“ შედეგებს სააგენტო Anadolu ავრცელებს.
აღმოჩნდა, რომ თურქეთში მომხმარებელთა 28,7%-ს ურჩევნია, ონლაინ ან სხვა დისტანციური საშუალებებით, მაგალითად, სატელევიზიო აქციებით იშოპინგოს. ონლაინ შოპინგით ქალების 31,8%, ხოლო მამაკაცების 25,6% არის დაინტერესებული.
თურქეთში ინტერნეტით ყველაზე მეტად ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და ჩანთებს ყიდულობენ, რაც მთლიანი შეძენილი პროდუქციის 39,6%-ია. 22.6% - ონლაინ შესყიდვებში საკვებ პროდუქტებს, ხოლო 11,6% - პირადი ჰიგიენისა და სილამაზის პროდუქტებს უკავია.
ცნობისთვის, ანგარიში ეფუძნება ანკეტურ გამოკითხვას, რომელიც თურქეთის 26 პროვინციაში, ძირითადად კი სტამბოლში, ანკარასა და იზმირში ჩატარდა. რესპონდენტებს 18 წელზე უფროსი ასაკის 2250 მომხმარებელი წარმოადგენდა.