ალფრედ ჰიჩკოკის წვლილი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეუფასებელი და ფასდაუდებელია, რადგან მართალია, რეჟისორი მეტწილად „მსუბუქ“ ჟანრში მუშაობდა, მაგრამ მაინც შეძლო იმ სრულიად ნოვატორული სიუჟეტური, ტექნიკური და ვიზუალური მეთოდების ჯერ გამოგონება, მერე სრულყოფა, რომელთაც დღესაც აქტიურად მიმართავენ რეჟისორები.
სწორედ ჰიჩკოკი ითვლება სწრაფი, ერთგვარი დანაწევრებული მონტაჟის ავტორად, მან აქცია ფროიდის ფსიქოანალიზი გასართობი კინოს წამყვან ელემენტად და მასკულტურის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად. ჰიჩკოკმა შემოიღო ‘’სასპენსის’’ მცნება, რაც შემაშფოთებელი გაურკვევლობისა და დამთრგუნველი მოლოდინის ატმოსფეროს შექმნას გულისხმობს და მანვე მოსინჯა პირველმა ე.წ. სუბიექტური კამერა, ანუ იმ ორიგინალური რაკურსით გადაღება, რომელიც მაყურებელს ფილმში მონაწილეობის და სამყაროს პერსონაჟების თვალით დანახვის საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ კარიერა ‘’ტრილერის ოსტატად’’ წოდებულმა რეჟისორმა ბრიტანეთში დაიწყო ჯერ კიდევ მუნჯი კინოს ეპოქაში და 1929 წელს სწორედ მან დადგა პირველი ბრიტანული ხმოვანი ფილმი ‘’შანტაჟი’’, მერე კი, ჰოლივუდში გადაბარგდა, სადაც ფილმებით ‘’უცნობები მატარებელში’’, ‘’მისტერ და მისის სმიტები’’, ‘’თოკი’’ და „რებეკა’’ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა.
მართალია, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი კარიერის მანძილზე ჰიჩკოკმა 55 სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო და 32 პრემია დაიმსახურა პრესტიჟულ კინოფორუმებზე, მაგრამ საუკეთესო ნამუშევრები მაინც 1950-იანი წლების მეორე ნახევარში შექმნა, როცა მაყურებელს ფილმები ‘’ფსიქო’’, ‘’თავბრუსხვევა’’, ‘’ჩრდილოეთისკენ ჩრდილო-დასავლეთის გავლით’’ და ‘’ფანჯარა ეზოში’’ წარუდგინა.