25 აპრილს ამერიკული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს, ცოცხალ ლეგენდად წოდებულ ალ პაჩინოს 82 წელი შეუსრულდა. კარიერა პაჩინომ 1960-იან წლებში დაიწყო თეატრის სცენაზე და მართალია, იშვიათად ჩნდებოდა კინოში, მაგრამ ეპიზოდური როლებიც საკმარისი აღმოჩნდა ჯერ რეჟისორების ყურადღების მისაქცევად, მერე აღიარების მოსაპოვებლად. სხვათა შორის, პაჩინო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ვარსკვლავებს შორის, ვინც ე.წ. „სამსახიობო ოსტატობის სამმაგი გვირგვინი“ ანუ „ოსკარის“ „ემის“ და პრესტიჟული თეატრალური ჯილდოს - „ტონის“ პრემია მოიპოვა.
ქარიზმატულ იტალო-ამერიკელს კინომოყვარულები მეტწილად განგსტერული როლებით იცნობენ, თუმცა მსახიობი ნებისმიერ ამპლუაში კომფორტულად გრძნობს თავს, ყოველთვის სრულფასოვან პერსონაჟებს ქმნის და მარტივად ხსნის საკუთარი გმირების მოტივაციას, მათ გრძნობებსა და ემოციებს.