ტომ ჰენქსის ფილმები - „არ ვიცი რამდენად დამეთანხმებიან კოლეგები, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე ჰოლივუდში არის ტომ ჰენქსი და არიან დანარჩენები“, - აღნიშნა მაიკლ კლარკ დუნკანმა, ჰენქსის პარტნიორმა მისტიკური დრამიდან „მწვანე მილი“ და მართლაც, ამერიკული კინოს წამყვანი მსახიობი, რომელმაც მრავალწლიანი შემოქმედების მანძილზე არა მხოლოდ ნიჭიერი არტისტის, არამედ ბრწყინვალე პიროვნების და არაჩვეულებრივი მეგობრის რეპუტაცია შეიძინა, ჰოლივუდელების იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთნება, ვინც ერთმანეთის მიყოლებით ორი „ოსკარი“ დაიმსახურა, თუმცა მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და ჩვეული შემართებით გააგრძელა საყვარელი საქმის კეთება. მეტიც, ჰენქსის მონაწილეობა დღესაც ნებისმიერ პროექტს საკასო შემოსავლით უზრუნველყოფს და წარმატების ერთგვარ გარანტიად ითვლება.