15 სრულმეტრაჟიანი ფილმი და მიმბაძველთა მთელი არმია, ორიგინალური სიუჟეტები და საკულტოდ ქცეული პერსონაჟები - თითქმის 30-წლიანი კარიერის მანძილზე კვენტინ ტარანტინომ არა მხოლოდ უნიკალური კინოსამყარო შექმნა, არამედ რადიკალურად შეცვალა ამერიკული პოპ-კულტურა, თვითმყოფადი ლექსიკის წყალობით კი, სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ოქსფორდის ლექსიკონში.
ტარანტინოს სადებიუტო ნამუშევარმა „ცოფიანმა ძაღლებმა“ ჯერ სანდენსის კინოფესტივალზე მოიპოვა ჟიურის სპეციალური პრიზი, მერე ევროპელი კრიტიკოსები აღაფრთოვანა კანის კინოფესტივალის საპრემიერო ჩვენებაზე.
მოყვარულ რეჟისორს, რომელსაც არც საშუალო სკოლა დაუმთავრებია, არც პროფესიული განათლება მიუღია, ისე ძალიან უნდოდა ფილმის დადგმა, რომ საჭირო ფინანსების მოსაძიებლად არა მხოლოდ პირვანდელი სცენარის რამდენიმე დამოუკიდებელ ისტორიად დაშლას და გაყიდვას, არამედ ყველაზე იაფფასიანი ფირის გამოყენებასაც დათანხმდა.
ტარანტინომ კარიერის დასაწყისშივე შეიმუშავა ინდივიდუალური სტილი და დღემდე არ ღალატობს საკუთარ თავს - მუდმივად განსხვავებული ისტორიებით ანებივრებს მაყურებელს და ყოველთვის მოულოდნელი სიუჟეტური სვლებით აოცებს კინომანებს, თუმცა რეჟისორი არც რეალური ფაქტების ინტერპრეტირებას ერიდება და ცნობილი კინოშედევრებიდან ნასესხები ციტატებით ამდიდრებს საკუთარ ნამუშევრებს, რომლებიც სრულად ასახავენ მის ხასიათსა და შინაგან სამყაროს.