ძმები ჯოელ და ითან კოენები, რომლებიც არა მხოლოდ დგამენ ფილმებს საკუთარი სცენარით, არამედ თვითონ ამონტაჟებენ და პროდიუსირებაზეც თავად ზრუნავენ, დიდი ხანია მსოფლიო კინოს საკულტო პერსონებად და ყველაზე გავლენიან ავტორებად ითვლებიან, რადგან თითქმის 35-წლიანი კარიერის მანძილზე 25-ზე მეტი ერთობლივი პროექტი შექმნეს და 70-მდე პრესტიჟული პრემია დაიმსახურეს „ოქროს პალმის რტოსა“ და „ოსკარის“ ჩათვლით.
უნიკალური შემოქმედებითი ტანდემის ნამუშევრები, რომელთა დიდი ნაწილი თანამედროვე ამერიკული კინოს შედევრადაა მიჩნეული, ყოველთვის განუმეორებელი საავტორო სტილით და ორიგინალური, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, თუმცა აუცილებლად თვითმყოფადი და კოლორიტული პერსონაჟებით ხასიათდებიან.
ჯოელი და ითანი მინეაპოლისის გარეუბანში, შეძლებულ ებრაულ ოჯახში დაიბადნენ, რომელსაც არაფერი აკავშირებდა კინოსთან. ძმების მამა - ეკონომისტი ედვარდ კოენი მინესოტას უნივერსიტეტის პროფესორი, დედა - რენე ნეიმანი კი, ხელოვნებათმცოდნე იყო, რომელმაც შვილების შეძენის შემდეგ მუშაობას ოჯახის მეურვეობა ამჯობინა.
მოზარდმა კოენებმა, რომელთაც ადრეული ბავშვობიდან იტაცებდა იტალიური კინო და დიდხანს ოცნებობდნენ საკუთარი ფილმების დადგმაზე, მეზობლების გაზონის გაკრეჭით შეგროვილი თანხით შეიძინეს მინიატიურული კამერა და პირველი სამოყვარულო ფილმიც გადაიღეს. აღსანიშნავია, რომ სადებიუტო ნამუშევარი „ტყისმჭრელი ჩრდილოეთიდან“ პოპულარული ტელეფილმების ერთგვარ პაროდიად იქცა, მთავარი როლები კი, მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა შეასრულეს.
სენტ-ლუის პარკის საშუალო სკოლის და მამის მოთხოვნით ჰუმანიტარული კოლეჯის დასრულების შემდეგ, ჯოელმა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩააბარა კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე და ყველა აღაფრთოვანა 30-წუთიანი საკმაოდ თამამი სადიპლომო ნამუშევრით - შავ-თეთრი ეროტიკული ფილმით, ითანი კი, პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, რომელიც ფილოსოფიის ბაკალავრის ხარისხით დაასრულა.
1980-იანი წლების ბოლოს უფროსმა კოენმა კერძო სტუდიაში დაიწყო მუშაობა, რომელიც მცირებიუჯეტიან საშინელებათა ფილმებს ქმნიდა და მართალია, მეტად სასარგებლო გამოცდილება შეიძინა სემ რეიმის ცნობილი ჰორორის „გაბოროტებული მიცვალებულების“ გადაღებაში მონაწილეობით, მაგრამ სწრაფად მიხვდა, რომ არა ჰორორის ჟანრის, არამედ სულ სხვა სტილის ფილმების კეთება უნდოდა.