საქართველოში ატმისა და ვაშლატამას სეზონი საკმაოდ აქტიურად დაიწყო. EastFruit-ის ანალიტიკოსების განცხადებით, ადგილობრივი მყიდველები ფერმერებისგან დიდი რაოდენობით ატამს ყიდულობენ.არსებული ინფორმაციით, განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა ვაშლატამაზე. 1 კილოგრამის ფასი 2,50-3,50 ლარს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 20-50 თეთრით მეტია. რაც შეეხება ატამს, მისი ღირებულება 1,5-დან 2,50-მდე მერყეობს.
ივნისის შუა რიცხვებში კახეთში მოსული უხვი ნალექის გამო, ატმისა და ვაშლატამას წარმოება თითქმის განახევრდა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ექსპორტის შემცირება და ადგილობრივი ფასების ზრდა, რადგან მიწოდება მცირდება და გარე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.
მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ატმისა და ვაშლატამას მოსავლიდან 40-45 ათას ტონას მოელის. ცნობისთვის, 2021 წლის ივნისში საქართველოდან ექსპორტირებულია 900 ტონა ატამი და 2,7 ათასი ტონა ვაშლატამა, რაც 2014 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.