შვეიცარიის მთავრობამ გამოაქვეყნა გეგმა, რომელიც ზამთარში შესაძლო დეფიციტის გამო ბუნებრივი აირის ნორმირებულ მოხმარებას გულისხმობს. გაზის ნორმირებულ მოხმარებაზე ქვეყანა იმ შემთხვევაში გადავა, თუ სხვა ზომები არასაკმარისი იქნება. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა გამოცემა SonntagsZeitung-ს განუცხადა.
მინისტრის თქმით, მთავრობა ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ „გაზი ყოველთვის საკმარისი იქნება.“ ის ამბობს, რომ შვეიცარიაში როგორც გაზის, ასევე, ელექტროენერგიის დეფიციტის შემთხვევაში, ენერგეტიკა ნორმირებული, პირველ რიგში, ბიზნესისთვის, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, ოჯახებისთვის იქნება.
შვეიცარიას გაზზე შედარებით დაბალი მოთხოვნა აქვს, რაც მთლიანი ენერგიის მოხმარების, დაახლოებით, 15%-ს მოიცავს. მთავრობის მონაცემებით, გაზის, დაახლოებით, 42% ოჯახების გასათბობად, დანარჩენი კი მრეწველობის, მომსახურებისა და ტრანსპორტის სექტორებში გამოიყენება.
თუმცა ქვეყანა მაინც იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე არის დამოკიდებული. შვეიცარიას ზღვაზე გასასვლელი არა აქვს, ამიტომ გაზს ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში არსებულ სავაჭრო ჰაბების მეშვეობით იღებს, რისი შეფერხება ქვეყანაზეც ახდენს გავლენას.