"მოჩვენება" - ალბათ, გასული საუკუნის 90-იან წლებში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჯერი ცუკერის მელოდრამა გაქირავების რეკორდსმენი გახდებოდა და ლიდერის პოზიციით შევიდოდა ყველა დროის საუკეთესო რომანტიკული ფილმების ნუსხაში, რადგან ისედაც რთული სამუშაო პროცესი კიდევ უფრო დაამძიმა რეჟისორისა და სცენარისტის უთანხმოებამ, რომელთაც მუდმივი ორჭოფობისა და კამათის ფონზე ვერაფრით გამონახეს საერთო ენა. თუმცა, „მოჩვენებამ“ მაინც შეძლო მსოფლიო მაყურებლის სიყვარულის მოპოვება, რომელიც სამი ათწლეულის შემდეგაც შეინარჩუნა.
ბრიუს ჯოელ რუბინი ყოველთვის აქტიურად ინტერესდებოდა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის თემით. მეტიც, სცენარისტმა თითქმის მთელი ცხოვრება მოგზაურობას, სხვადასხა კულტურის, რელიგიის შესწავლას მიუძღვნა და სოლიდურ მასალასაც მოუყარა თავი, თუმცა „მოჩვენებისთვის“ სცენარის შექმნა არა იმდენად მრავალწლიანმა პილიგრიმობამ, რამდენადაც შექსპირის „ჰამლეტმა“ შთააგონა, „ნიუ-იორკში, ბროდვეიზე ვნახე პიესის თანამედროვე დადგმა და ძალიან მომეწონა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მამის აჩრდილის გამოცხადების სცენამ დატოვა, როცა შვილს მკვლელობისთვის შურისძიება მოსთხოვა, რადგან სწორედ მაშინ გადავწყვიტე ისტორიის შექმნა მოჩვენებაზე, რომელიც გარდაცვალების შემდეგ ეცდებოდა საკუთარი მკვლელობის გამოძიებას“, - აღნიშნა რუბინმა და არც შეცდა, რადგან „ოსკარის“ ხუთ ნომინაციაზე წარდგენილმა „მოჩვენებამ“ სწორედ ორიგინალური ისტორიის წყალობით დაიმსახურა ერთ-ერთი ჯილდო.