„ტუტსი“ (Tootsie, 1982) – ფილმები, რომლებშიც ქალბატონებს გარემო აიძულებს გახდნენ მამაკაცები, მეტწილად დრამის ჟანრში იდგმება მნიშვნელოვანი ისტორიული ან სოციალური მოვლენების ხაზგასმით, რადგან ათწლეულების წინ მამაკაცებთან თანასწორი უფლებების მოსაპოვებლად ქალებს მართლაც ხშირად უწევდათ დადგენილი ნორმების გვერდის ავლა და საზოგადოების მოტყუება. თუმცა, ფილმები, რომლებშიც მამაკაცები გარდაისახებიან ქალებად, ყოველთვის ღიმილს იწვევს და აუცილებლად კომედიის ჟანრს მიეკუთვნება.
სოციალურ კომედიად შეიძლება ჩაითვალოს 1980-იანი წლების ჰიტად ქცეული „ტუტსიც“, რომელიც ერთნაირად აქილიკებს როგორც ფემინიზმს, ისე მასკულარობას, თუმცა ტრადიციული კომედიებისგან სოციალური გზავნილით განსხვავდება, ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ მთავარი პერსონაჟი ყველა პოსტერზე შეერთებული შტატების დროშის ფონზეა ასახული.
სცენარი მსახიობზე, რომელიც ქალის სამოსში გამოწყობილი ცდილობს სასურველი როლის მიღებას დონ მაკგუაირმა 1970-იანი წლების ბოლოს დაწერა, კომიკოსმა ბადი ჰაკეტმა კი, რომელმაც შემთხვევით შეიტყო სახალისო ისტორიის შესახებ, პროდიუსერი ჩარლზ ევანსი დაითანხმა ეკრანიზაციის შეძენაზე, რადგან ძალიან უნდოდა მთავარი პერსონაჟის აგენტის განსახიერება. მართალია, ევანსი სცენარისტ ბობ კაუფმანთან და რეჟისორ დიკ რიჩარდსთან ერთად შეუდგა ფილმზე მუშაობას, მაგრამ ფინანსების სიმცირის გამო იძულებული გახდა უარი ეთქვა საინტერესო წამოწყებაზე.
დაუმუშავებელი სცენარი დასტინ ჰოფმანმა მიიღო მემკვიდრეობით, რომელიც პროფესიონალი ჩოგბურთელის რენე რიჩარდსის რეალური ისტორიით შთაგონებული გეგმავდა მეგობარ დრამატურგთან მიურეი შისგალთან ერთად ანალოგიური შინაარსის ფილმის დადგმას. აღსანიშნავია, რომ რიჩარდსი პირველი სპორტსმენია, რომელმაც 1975 წელს სქესი შეიცვალა და ქალთა ტურნირში მონაწილეობის უფლება მიიღო.