კანადელმა მსახიობმა რაიან გოსლინგმა, რომელმაც პოპულარულ საბავშვო შოუში The Mickey Mouse Club-ში მონაწილეობით შეიძინა პირველი სამსახიობო გამოცდილება, 27-წლიანი კარიერის მანძილზე 40-ზე მეტი ფილმი, „ოსკარის“ ორი ნომინაცია და „ოქროს გლობუსი“ მიითვალა საკუთარ ანგარიშზე, თუმცა, აღიარება და სექს-სიმბოლოს ტიტული სწორედ ნიკ კასავეტისის მელოდრამაში „უბის წიგნაკი“ („მეხსიერების დღიური“) შესრულებული მთავარი როლით მოიპოვა.
რაიან ტომას გოსლინგი 1980 წლის 12 ნოემბერს დაიბადა კანადურ ლონდონში ღრმად მორწმუნე მორმონების ოჯახში. განსაკუთრებული რელიგიურობით დედა გამოირჩეოდა, თუმცა თავად რაიანი ყოველთვის უარს ამბობდა მორმონიზმის კუთვნილებაზე, „სინამდვილეში, ჩემი მშობლები იყვნენ კულტის მიმდევრები, მე კი, რელიგიური ფანატიკოსების გარემოში გავიზარდე. საბედნიეროდ, დღეს დედა ნაკლებად ინტერესდება მორმონების საქმიანობით, თუმცა წლების წინ რელიგია მთელ მისი ცხოვრებას განსაზღვრავდა“, - თავი იმართლა მსახიობმა, რომელსაც ნაკლებად სიამოვნებს წარსულის გახსენება.
კომივოიაჟერი მამის წყალობით რაიანმა თითქმის მთელი კანადა მოიარა, თუმცა მოგზაურობა ნეგატიურად აისახა მისი ფსიქიკაზე, რადგან არასტაბილურობამ და მუდმივმა გაურკვევლობამ დაუცველობის და მარტოობის გრძნობა გაუჩინა. მომავალ ვარსკვლავს ყოველთვის უჭირდა თანატოლებთან საერთო ენის გამონახვა, ამიტომ არასდროს ჰყოლია ნამდვილი მეგობრები. 10 წლის რაიანმა, რომელსაც დისლექსია ტანჯავდა და ვერცერთ საგანს გულს ვერ უდებდა გულს, საერთოდ უარი თქვა სკოლაში სიარულზე, რამაც დედას მისი საშინაო სწავლებაზე გადაყვანა აიძულა.
მართალია, რამდენიმე წლის შემდეგ გოსლინგი სკოლას დაუბრუნდა, მაგრამ კლასელებთან დამეგობრება მაინც ვერ მოახერხა. მეტიც, ცნობილი ბოევიკის „რემბო: პირველი სისხლი“ ნახვის შემდეგ, სილვესტერ სტალონეს პერსონაჟის მიბაძვა გადაწყვიტა და სამზარეულოს დანებით შეირაღებულმა სწორედ თანაკლასელები აქცია მთავარ სამიზნედ. რა თქმა უნდა, გოსლინგი სკოლიდან გარიცხეს, მშობლებმა კი, მკაცრად დასაჯეს, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს რთული მოზარდის გამოსწორება, რომელსაც ყველა „მოსიარულე უსიამოვნებას“ ეძახდა.
რაიანს ფსიქოლოგი მიუჩინეს, რომელმაც მუდმივი აგრესიისა და კონფლიქტური ხასიათის მიუხედავად, მაინც შეძლო მასში არარეალიზირებული შემოქმედებითი პოტენციალის დანახვა, რაც მისი აზრით არაკონტროლირებადი ქცევის მიზეზი გახდა. სწორედ ფსიქოლოგის, მისის დონერის რჩევით მოსინჯა მოზარდმა გოსლინგმა საკუთარი შესაძლებლობები პოპულარული შოუს „მიკი მაუსის კლუბის“ შესარჩევ კონკურსში, რომელიც ახალგაზრდა ტალანტების მოძიებით იყო ცნობილი. მცდელობამ გაამართლა, რადგან გოსლინგმა არა მხოლოდ მეგობრები, არამედ თავდაჯერებულობა შეიძინა და საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობა ისწავლა.
18 წლის გოსლინგმა, რომელმაც ჩათვალა, რომ საკმარისი ცოდნა მიიღო, უარი თქვა სწავლის გაგრძელებაზე და მსახიობობაზე ოცნებით გაემგზავრა ახალ ზელანდიაში, სადაც სერიალში „ჰერაკლეს ახალგაზრდობა“ მიიწვიეს მთავარ როლზე. თუმცა, რეჟისორებმა მხოლოდ 2001 წელს შეამჩნიეს, როცა ახალბედა, თუმცა ნიჭიერმა მსახიობმა არაჩვეულებრივად შეასრულა ნეონაცისტის როლი ჰენრი ბინის დრამაში „ფანატიკოსი“ და Independent Spirit-ის პრემიაც დაიმსახურა. პირველი წარმატება გოსლინგმა სამი წლის შემდეგ გაამყარა, როცა ნიკ კასავეტისის მელოდრამაში „უბის წიგნაკი“ მონაწილეობას დათანხმდა.