თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებლების ტარიფი გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
კერძოდ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 25 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობის ღირებულება მეორე კლასისთვის 34 ლარი იქნება, პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 74 ლარი, ბიზნეს კლასი კი 124 ლარი იქნება.
ამასთან, კომპანიის ცნობით, უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება.
„საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, ტარიფის ზრდის ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები.