კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 534.61 მლნ ლარით ანუ 1.24%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 43.65 მლრდ ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 452.74 მლნ ლარით ანუ 2.06%-ით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 81.87 მლნ ლარით ანუ 0.39%-ით გაიზარდა.
ამასთან, 2022 წლის ივნისის განმავლობაში 1.03%-ით, ანუ 229.41 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის 22.58 მლრდ ლარი შეადგინა.
სებ-ის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი ივლისისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 51.37 პროცენტი შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი ივნისის მდგომარეობასთან შედარებით, 0.41 პროცენტული პუნქტით მეტია.