ზალცბურგში მდებარე ავსტრიის უმსხვილესი გაზსაცავი, „ჰაიდახი“ კომპანია RAG Austria-ს მართვის ქვეშ საბოლოოდ გადავიდა. ინფორმაციას Kroner Zeitung-ი ავრცელებს.
მანამდე „ჰაიდახის“ გაზსაცავს რუსული „გაზპრომი“ მართავდა, რომელსაც საცავი ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოერთვა, რადგან რუსული სახელმწიფო კომპანია მას საჭირო რაოდენობის გაზით არ ავსებდა.
ავსტრიის კანონმდებლობა გაზის დეფიციტის შემთხვევაში ქვეყანაში არსებული ყველა საცავის გახსნის უფლებას იძლევა, რუსული კომპანია კი „ჰაიდახს“ ცარიელს ინახავდა.
ავსტრიის კლიმატის დაცვის მინისტრი, ლეონორე გევესლერი აცხადებს, რომ RAG Austria გაზის საცავის სიმძლავრეებს უკვე ჯავშნის და მის შევსებას 1-ლი აგვისტოდან დაიწყებს.
ავსტრიის კანცლერმა „გაზპრომი“ ჯერ კიდევ მაისში გააფრთხილა, რომ ზალცბურგის საცავი სხვა მიმწოდებელს გადაეცემა, თუკი რუსული კომპანია მას გაზით არ შეავსებდა. ივლისის დასაწყისში „გაზპრომმა“ ავსტრიულ კომპანია OMV-ს გაზის მიწოდება 70%-ით მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც Nord Stream 1-ის რემონტი დაიწყო.