ტანსაცმლის შვედური ქსელი H&M რუსეთის ბიზნესს ყიდის. „კომერსანტმა“ გაარკვია, რომ კომპანია პოტენციურ მყიდველებს იჯარის უფლებას 170-მდე მაღაზიაზე სთავაზობს, ასევე, მყიდველს 57,7 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის სადისტრიბუციო ცენტრი და 210 მლნ დოლარის ღირებულების მარაგი გადაეცემა.
გამოცემა ბაზრის მონაწილეებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთში არ არის მოთამაშე, რომელიც ასეთი დიდი ქსელის მართვასა და ტანსაცმლის საჭირო მოცულობის მიწოდებას შეძლებს.
„კომერსანტის“ წყაროს ცნობით, გასაყიდად გამოტანილი აქტივები რუსეთის ფედერაციის 65 ქალაქში, დაახლოებით, 170 მაღაზიის საიჯარო უფლებების პორტფელს მოიცავს. აქტივებს შორის არის 57,7 ათასი კვ.მეტრის სადისტრიბუციო ცენტრი და 30 კვირის საქონლის მარაგი, რისი სავარაუდო ღირებულებაც 210 მლნ დოლარია.
შვედურმა ჯგუფმა რუსეთში მუშაობა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან პირველივე კვირებში შეაჩერა, ხოლო 18 ივლისს ჯგუფმა ბაზრიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა. H&M-მა რუსეთში ბიზნესის დახურვის ღირებულება, დაახლოებით, 11 მლრდ რუბლით (183 732 369 დოლარად), ანუ მიმდინარე კურსით, 2 მლრდ შვედური კრონით შეაფასა, საიდანაც, დაახლოებით, მილიარდი კრონი ჯგუფის შემოსავალზე იქონიებს გავლენას.