სურსათისა და სასმელების გიგანტმა, Nestle-მ მექსიკაში ყავის გადამამუშავებელი ახალი ქარხანა გახსნა. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც Reuters-ი ავრცელებს.
მსოფლიოში ხსნადი ყავის უმსხვილეს ქარხანაში კომპანიამ 340 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
ვერაკრუსის ქარხანა წელიწადში 670 000 ტომარა ყავას გადაამუშავებს და ხსნად ყავას Nestle-ს ბრენდ Nescafe-სთვის აწარმოებს. პროდუქციის უმეტესი ნაწილი შეერთებული შტატების ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი.
ყავით მოვაჭრეების შეფასებით, ხსნადი ყავის ასეთ დიდ ქარხანაში ინვესტიციები მსოფლიოში ყავის ყველაზე დიდი შემსყიდველი კომპანიის Nestle-ს წყაროს დივერსიფიკაციაზე მიანიშნებს, რადგან ახალი ქარხანა მსოფლიოში რობუსტას უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნისგან, ვიეტნამისგან შორ მანძილზე აშენდა.
Reuters-ის ცნობით, Nestle მექსიკის ქარხნისთვის რობუსტას მარცვლის მთელ მოცულობას, ძირითადად, ბრაზილიიდან შეიძენს, რომლის ფასიც, ვიეტნამის ყავასთან შედარებით, იაფია.