ნაპოლი ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს და ლა ლიგის ბინადარ მალიორკასთან მორიგ ამხანაგური მატჩში, ფრედ - 1:1 ითამაშა. ხვიჩა კვარაცხელია ამჯერად ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 73 წუთი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას წინა სპარინგებისგან განსხვავებით არც გოლი გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, თანაგუნდელებიდან ყველაზე გამორჩეული იყო და ესპანელთა წინააღმდეგ თამაში არაერთხელ გაამწვავა. გარდა იმისა, რომ ხვიჩა ინდივიდუალურად ძალიან გამორჩეული გახლდათ, 2-ჯერ ბრწყინვალე გოლამდე სანტიმეტრები დააკლდა.
მე-16 წუთზე კვარამ ბურთი საჯარიმოში მიიღო, მალიორკას მცველების ეფექტურად გაუსწორდა და მეკარემაც რეაგირება ვერ მოახდინა, მაგრამ ქართველის მიერ ახლო კუთხეში დარტყმული ბურთი კარს მცირედით ასცდა. ქართველს გაცილებით უკეთესი მომენტი 37-ე წუთზე ჰქონდა, როდესაც ესპანელთა მეკარე კარიდან გამოსული შეამჩნია და მახვილი კუთხიდან, დაახლოებით 40 მეტრიდან დაარტყა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ძალიან მცირე მანძილით კარს ზემოდან გადააცილა. ხვიჩამ სხვა ეპიზოდებშიც იაქტიურა და ორჯერ ძალზე სახიფათო ჯარიმაც გამოიმუშავა, რომელთაგან ერთ-ერთი თავად დაარტყა, მაგრამ უშედეგოდ.
კვარაცხელიამ ნაპოლიში 4 ამხანაგური თამაში ჩაატარა, რომლებშიც 3 გოლით და 2 საგოლე პასით გამოირჩა. ნაპოლი პრესეზონზე კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და ისევ ესპანურ კლუბებს დაუპირისპირდება - ჟირონასა და ესპანიოლს ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 15 აგვისტოს, სტუმრად ვერონას შეხვდება.