საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სლოვენიური შეკრება გრძელდება. კურორტ როგლაში ილიას ზუროსის გუნდს ყველა პირობა აქვს საიმისოდ, რომ უმაღლეს დონეზე მოემზადოს და მოახლოებულ ოფიციალურ მატჩებს სათანადო ფორმაში შეხვდეს. ოფიციალურ მატჩებამდე, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 24 და 27 აგვისტოს, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ეგიდით უნდა გამართოს არაერთი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი. მათ შორის უახლოესი 5 აგვისტოს, უნგრეთთან ქალაქ კეჩკემეტში, სადაც ჩვენი ნაკრები როგლადან გაემგზავრება.
ილიას ზუროსი ასისტენტებთან ერთად ბევრ დროს კომბინაციების გათამაშებას, ძირითადად, დაცვითი ტაქტიკის დამუშავებას უთმობს. ფიზმომზადების მწვრთნელიც საკუთარ გეგმას მიჰყვება და მოთამაშეების ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობს.
მეორე დღეა, ნაკრებს შეუერთდა სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც გუნდთან სრულფასოვანი ვარჯიშის უფლება, NBA-ის რეგულაციების გათვალისწინებით, 4 აგვისტოდან აქვს. მანამდე კი სანდრო "მილუოკი ბაქსის" ერთ-ერთი მწვრთნელ ჯეკ დენიელსთან ერთად ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.