საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს შესახებ საკუთარი შეფასება განაახლა. ორგანიზაცია საკრედიტო რისკს უცვლელად, “BB” დონეზე აფასებს, ასევე უცვლელია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის “სტაბილური” მოლოდინი.
Fitch-ი აღნიშნავს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრად საქართველოს ეკონომიკაზე, ჯერჯერობით, დადებითი შოკის ეფექტი მოჰყვა, რაც ქვეყანაში რუსეთიდან, ბელარუსიდან და უკრაინიდან, დაახლოებით, 90,000 მიგრანტის შემოდინებაში აისახა. ამან კი თავისმხრივ ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები და ფულადი გზავნილები გაზარდა. Fitch-ი მოელის, რომ გაზრდილი გზავნილების ფონზე შემცირდება საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ის 2022 წლისთვის მშპ-ის 5.1% იქნება.
ინფლაციის საშუალო დონე 11.5% მიაღწევს, ხოლო მონეტარული პოლიტიკა კი წლის განმავლობაში გამკაცრებულ დონეზე შენარჩუნდება. ორგანიზაციის შეფასებით, 2022 წლის ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, 10.9% იქნება.
ამასთან, ზრდა 2023 წლისთვის 5.3%-მდე, ხოლო 2024 წლისთვის 4.7%-მდე უნდა შემცირდეს. Fitch-ი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო მმართველობის ინდიკატორებით საქართველოს აქვს BB რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ამ მხრივ ქვეყნის პოზიციები ბოლო წლებში შემცირებულია.
ასევე არსებობს პოლიტიკური რისკები, რომლებიც დაკავშირებულია 2024 წლის მოახლოებულ არჩევნებთან, რომელზეც რუსეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობა გამყოფი საკითხებია. Fitch-ი ვარაუდობს, რომ არსებობს რისკი დროთა განმავლობაში, პოლიტიკა საქართველოს სტრუქტურულ რეფორმებსა და ბიზნეს გარემოს ტვირთად დააწვეს.