ჩინეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით კვლავ აფრთხილებს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ჩჟაო ლიცზიანის განცხადებით, ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლა „სერიოზულ შედეგებს“ გამოიწვევს. მისივე თქმით, ოფიციალური პეკინი მიიღებს გადამწყვეტ ზომებს სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.
ჩჟაო ლიცზიანის განცხადებით, ტაივანში პელოსის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შიდა საკითხებში უხეში ჩარევა იქნება და „ერთი ჩინეთის“ პრინციპის წინასწარგანზრახული დარღვევა. მისივე თქმით, ნენსი პელოსის ვიზიტი სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საფრთხეს შეუქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას ტაივანის სრუტეში.
ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, ნენსი პელოსის ტაიბეიში 2 აგვისტოს ელოდებიან.