გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, ოდესის პორტიდან მარცვლეულით დატვირთული პირველი უკრაინული გემის გასვლა უზარმაზარი კოლექტიური მიღწევაა.
მისივე თქმით, აღნიშნული გემი, მსოფლიოში არსებული ორი დეფიციტური პროდუქტით: მარცვლეულითა და იმედით არის დატვირთული.
"ეს გემი - სავაჭრო გემი "რაზონი" ორი დეფიციტური პროდუქტით არის დატვირთული: მარცვლეულითა და იმედით. იმედია მილიონობით ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში, რომლებიც უკრაინის პორტების გამართულ მუშაობაზე არიან დამოკიდებული, რათა მათი ოჯახები გამოკვებონ. დღევანდელი გამგზავრება ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის, რომელიც სტამბოლში გაერო-ს ეგიდით შეიქმნა, უზარმაზარი კოლექტიური მიღწევაა. მხარეები დაუღალავად მუშაობდნენ, რათა ამ ეტაპისთვის მიეღწიათ. ეს ომი უნდა დასრულდეს და გაერო-ს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად მშვიდობა უნდა დამყარდეს", - განაცხადა გუტერეშმა.
ცნობისთვის, სიერა- ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულით არის დატვირთული, ოდესის პორტი დღეს დატოვა. გემი ლიბანის მიმართულებით გაემგზავრა. ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი კრემლის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ დატოვა.