საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, რომელსაც ეკვადორის ქალაქი გუაიაკილი უმასპინძლებს.
ვაჟ ძიუდოისტთა გუნდს წარმომადგენელი არ ეყოლება 66 და 100 კგ-მდე წონით კატეგორიებში, რამაც მწვრთნელებს საშუალება მისცა ერთბაშად 4 წონაში 2 სპორტსმენი გამოეყვანათ. გარდა ამისა, 4 ძიუდოისტია საქართველოს ქალთა ნაკრებში.
60 კგ-ში იასპარეზებენ გიორგი სარდალაშვილი და თორნიკე მაზიაშვილი; 73 კგში გამოვლენ გიორგი ტერაშვილი და კოტე კაპანაძე; 81 კგში იჭიდავებს გიორგი ჯაბნიაშვილი; 90 კგ წონაში იასპარეზებენ თორნიკე ფოლადიშვილი და აკაკი ჯაფარიძე, ხოლო მძიმე წონაში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ ირაკლი დემეტრაშვილი და შალვა გურეშიძე.
ქალებში საქართველოს სახელით 57 კგში იჭიდავებს ნინო ლოლაძე, 63 კგში ეთერ ასკილაშვილი, 70 კგში ნინო გულბანი, ხოლო მძიმე წონაში ანა შერაზადიშვილი.ტურნირი ეკვადორში 10-დან 13 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მასში 63 ქვეყნის 390-მდე ძიუდოისტი მიიღებს მონაწილეობას.14 აგვისტოს გუნდური ტურნირი ჩატარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს.
შეგახსენებთ, გასულ წელს იტალიის ქალაქ ოლბიაში გამართული მსოფლიოს პირველობა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ოქროს მედლები მოიპოვეს გიორგი სარდალაშვილმა, გიორგი შერაზადიშვილმა, ილია სულამანიძემ და საბა ინანიეშვილმა, ხოლო ირაკლი დემეტრაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა. გუნდურ შეჯიბრში საქართველოს მონაწილეობა არ მიუღია.