ქართულმა ფროდაქშენ კომპანია BMRNG FILMS-მა, პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით, ფესტივალ Gamers8-ის ვიდეორგოლზე იმუშავა. სიუჟეტი მოგვითხრობს გეიმინგ სამყაროს მრავალფეროვნებას, რაც მოთამაშეს უამრავ თავგადასავალს უმზადებს.
რეკლამა საქართველოსა და საუდის არაბეთშია გადაღებული. მასში 300-მდე მსახიობი მონაწილეობდა. ვიდეორგოლისთვის განკუთვნილი რეკვიზიტებიც საქართველოში დამზადდა.„რეკლამა განკუთვნილია ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, რომელიც წელს საუდის არაბეთში გაიმართა. წარმოება განხორციელდა გერმანელ რეჟისორთან და ოპერატორთან ერთად, დუბაიში არსებული სარეკლამო ფროდაქშენ კომპანია Deja Vu-თან თანამშრომლობით. აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია რეგიონში.
გადამღები ჯგუფი შეადგენდა 100-ზე მეტ ადამიანს და მონაცილეობა მიიღო 300-მდე მსახიობმა.
პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა კოსტიუმები გახლდათ, რაც სრულად საქართველოში დამზადდა და ამ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას უხელმძღვანელა Fourk Group-მა,“ – გვიამბეს „ბუმერანგ ფილმსის“ წარმომადგენლებმა.
Gamers8 გეიმინგისა და კიბერსპორტის საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც ვირტუალურ და ფიზიკურ სამყაროებს აკავშირებს ერთმანეთთან. წელს, 14 ივლისს, ფესტივალი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩატარდა და ტურნირები, გასართობი ღონისძიებები, ატრაქციონები, მუსიკალური შოუები და გეიმინგ სამიტი შესთავაზა ამ სფეროს საერთაშორისო გულშემატკივრებსა და ექსპერტებს. ფესტივალის საერთო საპრიზო ფონდი $15 მილიონს შეადგენდა.
5 წელზე მეტია, რაც ბუმერანგ ფილმსი საქართველოში წარმოების მიზნით, საერთაშორისო პროექტების მოზიდვაზე მუშაობს:
„გასული ორი წლის მანძილზე, აქტიურად ვთანამშრომლობთ ე.წ. გალფის ქვეყნებთან და ევროპის რამოდენიმე ქვეყანასთან, სულ, 40-ზე მეტი პროექტი განვახორციელეთ“.