კანადა რუსეთს უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დამატებით სანქციებს უწესებს. ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ განაცხადა.
მისი თქმით, კანადა არ მისცემს ვლადიმერ პუტინს და მის ხელშემწყობებს დაუსჯელად მოქმედების უფლებას.
„რუსული ომის მანქანის აღმაშფოთებელი ქმედებები არ მიეცემა დავიწყებას და კანადა მის პასუხისგებაში მიცემის მიზნით გააგრძელებს თავის პარტნიორებთან მუშაობას საერთაშორისო საზოგადოებაში. კანადა უკრაინის გვერდით დგას“, - აღნიშნა ჯოლიმ.
კანადის მიერ დაწესებული ახალი სანქციები 43 სამხედრო თანამდებობის პირსა და 17 სუბიექტს შეეხება, რომლებიც „რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის უაზრო სისხლისღვრის თანამონაწილეა, მათ შორის ბუჩას შემზარავ მოვლენებში“.
„კანადა მკაცრად გმობს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რათა საერთაშორისო სამართლის დარღვევების სრული გამოძიება უზრუნველყოს უკრაინაში, მათ შორის ბუჩაში“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.