ფრანგულმა მონტობანმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბეების თედო აბჟანდაძისა და ოთარ გიორგაძის ტრანსფერები ოფიციალურად დაადასტურა. ორივე ბორჯღალოსანი Pro D2-ის კლუბს TOP 14-ის ბინადარ ბრივიდან შეუერთდა.
“23 წლის აბჟანდაძეს ფრანგულ რაგბში ძალიან ხმაურიანი დებიუტი ჰქონდა. მან TOP 14-ის სამ სეზონში 26 მატჩი ჩაატარა და ბრივს ჩელენჯ ქაფზეც ეხმარებოდა.
თედო ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სანაკრებო დონეზეც. მან იტალიასთან ისტორიულ მოგებაში უდიდესი როლი ითამაშა – 28-დან 20 ქულა აბჟანდაძის ანგარიშზე გახლდათ. 26 წლის გიორგაძე თავდაპირველად კლერმონში გამოჩნდა, სახელი კი ასევე ბრივში გაითქვა და გასულ სეზონში TOP 14-ში საიუბილეო 50-ე მატჩი ჩაატარა. მისთვის საუკეთესო 2018-19 წლების სეზონი იყო, როდესაც 7 ლელო მიითვალა. ოთარს TOP 14 2017 წელს აქვს მოგებული, 2019 წელს კი Pro D2-ის გამარჯვებული გახდა. ნაკრებისთვის გიორგაძე აგრეთვე გამორჩეული ფიგურაა და ზურგს 32 თამაში უმაგრებს”, - ვკითხულობთ მონტობანის საიტზე, სოციალურ ქსელში კი ახალწვეულებს ქართულად მიმართეს: "მოგესალმებით თედო და ოთარ!".
აღსანიშნავია ისიც, რომ Pro D2-ის გასულ სეზონში მონტობანმა 30 მატჩში 68 ქულა მოაგროვა და 16 გუნდს შორის მე-8 ადგილი დაიკავა.