საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ვეტერანი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე ტუნისის მოქმედ ჩემპიონ მონასტირში ჩაირიცხა და მომავალ სეზონს აფრიკაში გაატარებს.კონტრაქტი ერთ წელზეა გათვლილი და როგორც Afrobasket წერს, არაა გამორიცხული, 36 წლის კალათბურთელმა ხანგრძლივი კარიერა სწორედ ტუნისურ კლუბში დაასრულოს.
ცნობისთვის, მონასტირი აფრიკულ კონტინენტზე ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და გასულ სეზონში ადგილობრივი ჩემპიონთა თასის გამარჯვებულიც გახდა.
ცინცაძეს კარიერის განმავლობაში 25-მდე კლუბში უთამაშია, თუმცა, აფრიკაში ძალებს პირველად მოსინჯავს. აქამდე, ის, ქართულის გარდა, რუსული, ესტონური, უკრაინული, პოლონური, ლიბანური, ჩრდილომაკედონიური, ფრანგული, რუმინული, კატარული და არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბების ღირსებას იცავდა.
შეგახსენებთ, რომ მძიმე ტრავმის გამო, გიორგის ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, ამჟამად კი, მწყობრში გახლავთ და საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე იმყოფება.