საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით, ახალი გადაწყვეტილება მიიღო. სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც ამჟამად 4 წლით არის განსაზღვრული, 3 წლამდე შემცირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, სამომხმარებლო კრედიტების მაქსიმალური ვადის შეზღუდვა 15 აგვისტოდან ამოქმედდება და ის ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.
ამასთან, ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის შესახებ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მას უცვლელად, 11%-ზე შეინარჩუნებს. დღესვე ეროვნულმა ბანკმა განაახლა ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი ეკონომიკური პროგნოზი და ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი დონე ქვეყანაში 4%-დან 9%-მდე გაზარდა.