უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი, რომელმაც ოდესის პორტი 1 აგვისტოს დატოვა, სტამბოლში ჩავიდა. ინფორმაციას Odessa Journal-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ გემი რუსი და უკრაინელი ოფიციალური პირების მიერ უნდა შემოწმდეს, რის შემდეგაც ის ლიბანში გაემგზავრება. ინფორმაციისთვის, 22 ივლისს სტამბოლში, უკრაინასა და რუსეთს შორის შეეთანხმება დაიდო, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა.
რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ.
ამ ხელშეკრულებას, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა და რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით მოაწერეს ხელი, თუმცა, როგორც რუსეთს ისტორიულად სჩვევია, ეს ხელშეკრულებაც დაარღვია და 23 ივლისს რუსულმა ძალებმა ოდესის პორტი დაბომბეს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს ოდესაზე თავდასხმის მიუხედავად დაიწყებდა.