ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებების თემაზე პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებს ხვდება.
შეხვედრაში ოპოზიციიდან „მოქალაქეების“, „გირჩის“, პარტია „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატები მონაწილეობენ. არსებული ინფორმაციით, დისკუსია ანტიკორუფცვიული ღონისძიებების, „საარჩევნო კოდექსის“ გადახედვისა და ორი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მანდატის გაფართოების საკითხზე იმართება.
ამასთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხუთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რაზეც კომიტეტი 4 აგვისტოს სხდომას გამართავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფები შემდეგ საკითხებზე ჩამოყალიბდება: „დეოლიგარქიზაცია“, სასამართლო რეფორმა, „საარჩევნო კოდექსის“ გადასინჯვა, ანტიკორუფციული ღონისძიებები და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება.