2022 წლის მე-3 კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.6 პუნქტით გაიზარდა და 17.7-ს გაუტოლდა. ამის შესახებ „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტი ავრცელებს ინფორმაციას.
კვლევის თანახმად, ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. ინდექსის დადებითი ცვლილება გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ განაპირობა.
ამასთან, „აისეტის“ ცნობით, ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 25.6 პუნქტამდე შემცირდა. 2022 წლის მე-3 კვარტლისთვის მოლოდინების გაუარესება დაფიქსირდა ყველა სექტორში, გარდა მშენებლობის და მომსახურების სექტორებისა.