კრივის მძიმე წონაში WBA, WBO და IBF ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ოლეკსანდრ უსიკის პრომოუტერმა ოლეკსანდრ კრასიუკმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც უკრაინელმა მოკრივემ ენტონი ჯოშუასთან ბრძოლის სატრანსლაციო უფლებები შეიძინა, რათა მთელ უკრაინაში ჩხუბი უფასოდ აჩვენოს.
კრასიუკმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზანი, მატჩის, რაც შეიძლება ფართო აუდიტორიისთვის ჩვენება იყო.
“ეს ოლეკსანდრ უსიკის საჩუქარია, რადგან მან სატელევიზიო უფლებების მისაღებად საკუთარი ფული გადაიხადა და მთელ უკრაინაში მატჩს უფასოდ აჩვენებს. ბრძოლის პირდაპირ ეთერში ნახვის საშუალება ყველა მსურველს ექნება. კარგად გვესმის, რომ ამ მატჩის ხილვა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მოახერხოს,” - განაცხადა კრასიუკმა.
ცნობისთვის, ოლეკსანდრ უსიკის და ენტონი ჯოშუას განმეორებითი ბრძოლა 20 აგვისტოს, საუდის არაბეთში გაიმართება. შეგახსენებთ, პირველ დაპირისპირებაში უკრაინელმა ბრიტანელს მსაჯების გადაწყვეტილებით მოუგო.