"ნაპოლის" ოფიციალური "ფეისბუქგვერდი" ინტერვიუს, სახელწოდებით, "5 წუთი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად" აქვეყნებს, სადაც გარემარბი საკუთარი თავზე, საქართველოსა და ახალ კლუბზე საუბრობს.
„ულამაზესი ქვეყნიდან, საქართველოდან ვარ. ბავშვობაში სულ ფეხბურთს ვთამაშობდი, რადგან ძალიან მიყვარს სპორტის ეს სახეობა. 8 წლიდან მოყოლებული მხოლოდ ფეხბურთელობაზე ვფიქრობდი. ფეხბურთი დაუყოვნებლივ გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩემს ცხოვრებაში. მამაჩემი აზერბაიჯანში ცნობილი ფეხბურთელი იყო, თუმცა სპორტის ამ სახეობის თამაში მის გამო არ დამიწყია - თავად მსურდა. არასდროს დამჭირვებია, რომ ვინმეს ჩემთვის ეთხოვა, ივარჯიშეო
"შვებულების დროს ოჯახთან ერთად ყოველთვის საქართელოში მივდივარ. როცა ჩემს სამშობლოში ვარ, დიდ დროს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ. დავდივართ მთებში, ზღვაზე, უფრო მთებში, რადგან ბევრი კარგი ადგილია სანახავი. ხანდახან ჩოგბურთსაც და კალათბურთსაც ვთამაშობ, მაგრამ ჩემი სიყვარული ფეხბურთია. ჩემთვის ფეხბურთი სამსახური არაა, ის ვნებაა. მეგობრებთან ერთად კალათბურთის თამაში ძალიან მიყვარს. გოლდენ სტეიტს ვგულშემატკივრობ და სტეფ კარის ფანი ვარ.
რაც შეეხება ნეაპოლში ტრანსფერს, ეროვნულ ნაკრებში ვიმყოფებოდი და ამხანაგურ მატჩებში ვმონაწილეობდი. აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ იყო იტალიაში გადასვლის შესაძლებლობა. ჩემი აგენტი ნაპოლის ორი წლის განმავლობაში ელაპარაკებოდა. იტალიაში პირველად მოვხვდი და აღფრთოვანებული ვარ. ნეაპოლი საოცარია, ხალხს ძალიან უყვარს ფეხბურთი. ტაქსიდანაც კი ჩანდა, როგორ დადის ხალხი ქუჩებში ნაპოლის დროშებით, აქ ფეხბურთი ვნებაა. აქ იმიტომ ვარ, რომ გავიზარდო როგორც ფეხბურთელი და მოვიგო ტიტულები, მინდა კლუბის წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო“.
კვარაცხელიამ ნაპოლის რიგებში 5 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასია. იტალიური კლუბი მორიგ ამხანაგურ მატჩს, 6 აგვისტოს, ესპანიოლის წინააღმდეგ გამართავს, 15-ში კი გუნდს სერია A ეწყება. ნეაპოლელების პირველი მეტოქე ვერონაა, რომელსაც გსაცვკაზე დაუპირისპირდებიან.