ევროპალიგისა და კონფერენსლიგის გათამაშებას ქართული კლუბები გამოეთიშნენ, ქართველი ლეგიონერების გუნდები კი ასპარეზობას აგრძელებენ. ევროპალიგის საგზურისთვის იბრძვის ბრატისლავის სლოვანი, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი ვლადიმერი ვაისი წვრთნის და გუნდში სამი ქართველი ფეხბურთელი, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე თამაშობს.
სლოვაკური კლუბი საბერძნეთში პირეოსის ოლიმპიაკოსს ესტუმრა და ანდრე გრინის გოლით 63-ე წუთზე დაწინაურდა, თუმცა, 87-ე წუთზე იუსუფ ელ არაბიმ ბერძნული გრანდი მარცხისგან იხსნა და ახლა ყველაფერი ბრატისლავაში გადაწყდება. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძემ მოედანი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე დატოვა.
რაც შეეხება კონფერნსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს, ბუდუ ზივზივაძის ფეჰერვარმა პელიოფში გასვლა პრაქტიკულად გაინაღდა. უნგრულმა კლუბმა შინ მოლდოვური პეტროკუბი 5-0 გაანადგურა. ფეჰერვარის ქართველმა ლეგიონერმა მოლდოვურ კლუბს 88-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაუტანა და ეს მისთვის მიმდინარე სეზონში, უეფას რანგით მე-3 ტურნირზე მე-3 გოლი იყო.