ისტორიული დრამა „პიანისტი“, რომელიც ყოველთვის აქტუალურ, თუმცა საოოცრად მტკივნეულ - მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის თემას მიეძღვნა, განსაკუთრებით ემოციური რომან პოლანსკისთვის აღმოჩდა, რადგან პოლონელმა რეჟისორმა საკუთარ თავზე გამოსცადა ნაცისტური რეჟიმის მთელი საშინელება.
რეუიმუნდ რომან ტიერი ლიბლინგი 1933 წლის 18 აგვისტოს დაიბადა პარიზში. მართალია, რომანის მამა, მოქანდაკე მოიზეშ ლიბლინგი უკეთესი ცხოვრების ძიებაში 1920-აინი წლების ბოლოს გადაბარგდა საფრანგეთში მეუღლესთან ერთად, მაგრამ 1937 წელს ისევ მშობლიურ პოლონეთს დაუბრუნდა და თავად გახდა კრაკოვის ოკუპაციის მოწმე, რადგან ჯერ 6 წლის რომანი გარიცხეს საშუალო სკოლიდან საოკუპაციო რასობრივი დირექტივის საფუძველზე, მერე სხვა ებრაელების მსგავსად, იძულებით გადასახლდა ოჯახთან ერთად კრაკოვის გეტოში.
რა თქმა უნდა, მცირეწლოვანმა რომანმა მძიმედ განიცადა დევნა და სრულიად აბსურდული შეზღუდვები, მით უფრო, რომ თავადაც მრავალჯერ შეესწრო გერმანელი სამხედროების მიერ ეთნიკური ებრაელების შევიწროებას. მოგვიანებით პოლანსკიმ ის საზარელი გრძნობა გაიხსენა, როცა საკუთარი თვალით ნახა ჯერ ებრაელი ქალების უზარმაზარი კოლონების გადაადგილება, მერე ნაცისტი ჯარისკაცის მიერ მოხუცი ქალის მკვლელობა, თვითონ კი ამ დროს სახლის სარდაფში ხის დაფების უკან იმალებოდა.
რომანის დედა და უფროსი და ომის დაწყებისთანავე გაამწესეს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში, საიდანაც მხოლოდ დამ შეძლო თავის დაღწევა, ომის დასრულების შემდეგ კი, სამუდამოდ დატოვა პოლონეთი და საფრანგეთში გადასახლდა. მამა მოგვიანებით შეიპყრეს და ქვეყნიდან გასამგზავრებელ კოლონაში გაანაწილეს, მართალია, პატარა რომანმა მასთან მიირბინა, რადგან დაბნეულს და სრულიად მარტო დარჩენილს მასთან ერთად უნდოდა გამგზავრება, მაგრამ მამამ, რომელიც ისევ მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, სასწრაფოდ გაცლა ურჩია. სწორედ პირადი გამოცდილება და ნაკლებად სასიამოვნო მოგონებები იქცა „პიანისტის“ შთაგონების მთავარ წყაროდ, მამის ეტაპირება კი, მეტად შთამბეჭდავ - ვლადისლავ შპილმანის ოჯახის და სხვა კრაკოველი ებრაელების ვაგონებში გადანაწილების სცენას დაედო საფუძვლად.
1943 წელს პოლანსკი კრაკოვის გეტოდან გაიქცა და ნაცნობ პოლონურ ოჯახს შეაფარა თავი, რომელიც მოიზეშს შეჰპირდა შვილის ნებისმიერ ფასად გადარჩენას. შერმაკებმა პოლონურ ყაიდაზე დაარქვეს რომანს რომეკი და მეტი საიმედოობისთვის კათოლიკედ აღზარდეს. მართალია, ომის დასრულების შემდეგ რომანმა მამა მოიძია, მაგრამ მას უკვე სხვა მეუღლე ჰყავდა, რომელმაც გაცნობისთანავე მოიძულა გერი.
რა თქმა უნდა, მეორე მსოფლიო ომმა და ჰოლოკოსტმა სერიოზული გავლენა მოახდინა მომავალი რეჟისორის მსოფლმხედველობასა და შემოქმედებაზე. მეტიც, ბავშვობის მტკივნეული მოგონებები პოლანსკის ფილმების ერთგვარ ლაიტმოტივად იქცა, რომელთაც რეჟისორი ხშირად იხსენებდა საკუთარ ნამუშევრებში პირდაპირ ან მარტივად გასაგები ქვეტექსტით.
მართალია, 1993 წელს პოლანსკიმ უარი თქვა „შინდლერის სიის“ დადგმაზე, რადგან, როგორც თავად აღნიშნა, მზად არ იყო წარსულს დაჰბრუნებოდა, მაგრამ 2002 წელს სრულიად გააზრებულად დათანხმდა „პიანისტზე“ მუშაობას, რომელიც კარიერის საუკეთესო ნამუშევრად მიიჩნია და დედასთან ერთად მილიონობით უდანაშაულოდ დაღუპული ებრაელის ხსოვნას მიუძღვნა.
სხვათა შორის, თავიდან კინოკომპანია Focus Features ცნობილ პოლონელ რეჟსორს ანჟეი ვაიდას სთავაზობდა ფილმის გადაღებას, თუმცა საბოლოოდ პროექტს ისევ პოლანსკიმ მოკიდა ხელი, რომლისთვისაც „პიანისტი“ 1962 წლის შემდეგ პოლონეთში გადაღებულ პირველ ფილმად იქცა. აღსანიშნავია, პოლონეთში კინოექსპედიცით ჩასულმა პოლანსკიმ, პირველ რიგში შერმაკების ოჯახი მოინახულა, რომელმაც გარდაუვალ სიკვდილს გადაარჩინა.
მტკივნეული მოგონებების მიუხედავად, გადაღებებისთვის მზადებისას პოლანსკიმ სცენარისტ რონალდ ჰარვუდთან ერთად მაინც დეტალურად შეისწავლა 86-საათიანი კინოქრონიკა - ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში გადაღებული დოკუმენტური მასალა, რომელიც საკუთარ ფილმშიც გამოიყენა.
ფილმი ვლადისლავ შპილმანის დღიურის მოტივებზე შეიქმნა, რომელსაც ავტორი 1939-1946 წლებში წერდა, თუმცა ე.წ. მოგონებების წიგნი „ერთი ქალაქის სიკვდილი“ მხოლოდ 1998 წელს გამოიცა, რადგან სოციალისტურ პოლონეთში საბჭოთა ცენზურამ არა მხოლოდ ხელნაწერის გავრცელება აკრძალა, არამედ ნებისმიერს ხანგრძლივი პატიმრობით დაემუქრა, ვინც მის წაკითხვას გაბედავდა.
მართალია, ლიტერატურული პირველწყაროს და ფილმის მოვლენები მეტწილად ვარშავაში ვითარდება, მაგრამ პოლანსკიმ საკუთარი ბავშვობა გაიხსენა და სიუჟეტი კრაკოვის გეტოს ისტორიებით შეავსო. აღსანიშნავია, „პიანისტის“ ვიზუალური მხარეც - პირველ რიგში ფერთა გამა, რომელიც რეჟისორის და ოპერატორის პაველ ედელმანის გადაწყვეტილებით, მოვლენების განვითარებასთან ერთად კარგავს სიმკვეთრეს და სულ უფრო ფერმკრთალი ხდება.
სამწუხაროდ, თავად ვლადისლავ შპილმანი 2000 წელს, „პიანისტის“ პრემიერამდე 2 წლით ადრე გარდაიცვალა, თუმცა მისმა შვილმა და შვილიშვილმა მიიღეს ფილმში მონაწილეობა - ანჟეიმ პოლიციელი განასახიერა, დანიელი კი, ებრაელთა დეპორტაციის სცენაში შეუერთდა სტატისტებს.
მართალია, ედრიან ბროუდი, რომელმაც ბრწყინვალედ შეასრულა მთავარი როლი რამდენიმე პრესტიჟული პრემიის, მათ შორის BAFTA-ს, „ოქროს გლობუსის“ და მსახიობთა გილდიის პრემიის ნომინანტი გახდა, მაგრამ გამარჯვების მომტანი მხოლოდ ფრანგული „სეზარი“ და „ოსკარი“ აღმოჩნდა, თუმცა კინოაკადემიის ჯილდოს მიღებისას, მსახიობმა ერთგვარი რეკორდი დაამყარა, რადგან 29 წლის ასაკში მამაკაცის მთავარი როლის ნომინაციის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. საკუთარი წარმატებით, რომელიც ბროუდიმ მეტად ემოციურად - კოლეგის, მსახიობ ჰოლი ბერის მგზნებარე კოცნით აღნიშნა, განსაკუთრებით პოლანსკი გაახარა, რადგან რეჟისორმა მხოლოდ 1 400-მდე მსახიობის დაწუნების შემდეგ გადაწყვიტა მისი მიწვევა და დიდხანს ეჭვობდა შეძლებდა თუ რთული როლისთვის თავის გართმევას.
რა თქმა უნდა, პრესტიჟული პრემიის დამსახურება მთავარი როლისთვის პირველ რიგში სრულ თავგანწირვას და როლის იდეალურად მორგებას გულისხმობს, მით უფრო, თუ ეკრანულ პერსონაჟს რეალური პროტოტიპი ჰყავს.
არ დაიშურა მონდომება არც ახალგაზრდა ბროუდიმ, რომლისთვისაც ნამდვილ გამართლებად იქცა პოლანსკისთან მუშაობა. როლისთვის მზადებისას მსახიობმა პრაქტიკულად ასკეტური ცხოვრების წესს მიმართა და ჯერ ავტომობილი გაყიდა, მერე კომფორტის ყველა სხვა საშუალებას შეელია, ბოლოს კი, ნაკლებად კეთილმოწყობილი ბინა იქირავა, რათა საკუთარ თავზე გამოეცადა ის მძიმე პირობები, რომელს მორგება ყველაფერს მოკლებულ შპილმანს მოუწია. ამასთანავე, მსახიობი საათობით სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, რომელსაც მანამდე მხოლოდ შორიდან იცნობდა, რეკორდულ დროში დაკლებული 14 კილოგრამი კი, იმდენად მძიმედ აისახა მის ჯანმრთელობაზე, რომ რამდენიმე წელი დასჭირდა ჩვეული ფიზიკური ფორმის დასაბრუნებლად.
მაყურებლის განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა გერმანელმა ოფიცერმა ვილჰელმ ალბერტ ჰოზენფელდმა ტომას კრეჩმანის შესრულებით, რომელიც პოლანსკიმ მხოლოდ მოკლე რემარკით მოიხსენია ფინალურ ტიტრებში.
ჰოზენფელდი, რომელიც ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს დაჯილდოვდა მეორე ხარისხის რკინის ჯვრით, 1939 წელს გაიწვიეს ვერმახტში (ნაცისტური გერმანიის შეიარაღებულ ძალებში) და მართალია, ნაციონალ-სოციალისტური პარტიაში გაწევრიანებულმა კაპიტნის წოდება დაიმსახურა და ომის დასრულებამდე ვარშავაში მსახურობდა, მაგრამ არასდროს იზიარებდა გერმანელთა საოკუპაციო წესებს, რომელთაც ღიად და დაუფარავად აკრიტიკებდა.
მეტიც, გერმანელი ოფიცერი ფარულად თანაუგრძნობდა ვარშავის მოსახლეობას ებრაელების ჩათვლით, ტყვეებს ნათესავებთან შეხვედრის უფლებას აძლევდა, თვითონ კი, პოლონურ ენას სწავლობდა და სისტემატურად ესწრებოდა მესას კათოლიკურ ეკლესიაში, რაც კატეგორიულად ეკრძალებოდათ გერმანელ სამხედროებს. ჰოზენფელდი არა მხოლოდ იმ ანტინაცისტ პოლონელებს ეხმარებოდა, რომლებიც საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებოდნენ, არამედ ებრაელებისთვისაც ამზადებდა ყალბ მოწმობებს, რათა საკუთარ იურისდიქციაში არსებულ სპორტულ კომპლექსში დაესაქმებინა, თავად შპილმანს კი, რამდენიმე თვე მალავდა გერმანული შტაბის სხვენში.
საბჭოთა არმიამ ვილჰელმ ჰოზენფელდი 1945 წლის იანვრის თვეში დააკავა და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა სამხედრო დანაშაულისთვის. მართალია, ერთი წლის შემდეგ ოჯახისთვის მიწერილ წერილში ჰოზენფელდმა იმ ებრაელთა გვარები ჩამოთვალა, ვინც ომის დროს გადაარჩინა და მეუღლეს მათი მოძიება სთხოვა, რათა გათავისუფლებაში დახმარებოდნენ, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ ვლადისლავ შპილმანმა ძველი ნაცნობის დაპატიმრების ამბავი მხოლოდ 1950 წელს შეიტყო და დაუყოვნებლივ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის, თუმცა არაფერი გამოუვიდა, რადგან გერმანელ ჯაშუშად მიჩნეული ჰოზენფელდი საბჭოთა ბანაკში იხდიდა სასჯელს, საიდან გათავისუფლება პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო.
ჰოზენფელდი, რომელიც სწორედ „პიანისტის“ წყალობით გაიცნო ფართო საზოგადოებამ, 1952 წლის 13 აგვისტოს გარდაიცვალა ხანგრძლივი ცემის შედეგად. გერმანელი ოფიცრის დამსახურება პირველად 2007 წელს აღინიშნა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მიერ, რომელმაც ჰოზენფელდს პოლონეთის აღორძინების მესამე ხარისხის ორდენი მიანიჭა, 2009 წელს კი, შპილმანის ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით მისი გვარი იერუსალიმის იად ვა-შემის ჰოლოკოსტის მუზეუმის „მსოფლიოს ხალხთა წმინდანთა ნუსხაში“ შევიდა.
ფილმის გადაღება ვარშავაში დაიწყო და პოტსდამში, Babelsberg Studios პავილიონში გაგრძელდა, სადაც გიგანტური დეკორაცია აიგო და ინტერიერის ეპიზოდები დაიდგა. საკმაოდ რთული აღმოჩნდა 1939-1945 წლების ვარშავის ანტურაჟის თანამედროვე ქალაქში შექმნა, თუმცა თავად პოლანსკის განცხადებით, შემოქმედებითი ჯგუფის თავგანწირულმა მუშაობამ საბოლოოდ მაინც გამოიღო შედეგი.
რა თქმა უნდა, ისტორიული ვარშავის დიდი ნაწილი ომის დროს განადგურდა, ებრაული გეტო კი, ცნობილმა აჯანყებამ იმსხვერპლა, მაგრამ გადამღებმა ჯგუფმა მაინც შეძლო რამდენიმე ავთენტური ლოკაციის მოძიება, რომელთაც პრაქტიკულად სრულად შეინარჩუნეს პირვანდელი იერი.
ვარშავაში იქნა მოძიებული ფილმის ერთ-ერთი მთავარი ლოკაციაც - ე.წ. საწყისი პუნქტი გეტოს ტერიტორიაზე, რომელსაც გერმანელები Umschlagplatz-ს უწოდებდნენ და ერთგვარ გადატვირთვის ადგილად იყენებდნენ სიკვდილის ბანაკში ეშელონების გასაგზავნად. „პიანისტში“ მსგავს ადგილად კვადრატული მოედანი იქცა, სადაც ათეულობით დაბნეულმა და დეზორიენტირებულმა ადამიანმა მოიყარა თავი.
ფილმის გადაღება 24-საათიან რეჟიმში გაიმართა და მართალია, პოლანსკი შიშობდა, რომ ზედმეტი ხმაურით, აჟიოტაჟით შეწუხებული ვარშაველები, სამუშაო პროცესს შეაფერხებდნენ, მაგრამ ადგილობრივებმა არა მხოლოდ ფილმით დაინტერესება გამოხატეს, არამედ მრავალრიცხოვანი სტატისტების ფუნქციაც შეითავსეს.
ნატურაზე, ბუნებრივ დეკორაციებშია გადაღებული ფილმის ერთ-ერთი ფინალური ეპიზოდიც, როცა ღობეზე გადამძვრალი შპილმანი ყოფილი გეტოს ნანგრევებში ხვდება. აღსანიშნავია, რომ გადამღები ჯგუფი მთელი ევროპის მასშტაბით ეძებდა „შესაფერის ნანგრევებს“ და მხოლოდ გერმანიაში, ბერლინთან ახლოს მიაგნო საბჭოთა ჯარის ყოფილ სამხედრო ქალაქში.
საკმაოდ მძიმე თემატიკის მიუხედავად, „პიანისტმა“, რომელმაც პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო პრემიას მოუყარა თავი - ამერიკული და ბრიტანული კინოაკადემიების პრიზებით დაწყებული, კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტოთი“ და ფრანგული „სეზარის“ შვიდი პრემიით დასრულებული, გაქირავებაშიც სოლიდური ფინანსური წარმატება მოიპოვა, რადგან 35-მილიონიანი ბიუჯეტის ფონზე, მთელი 120 მილიონი დოლარი მოაგროვა. ამასთანავე, პოლანსკის ნამუშევარი პირველი არაფრანგულენოვანი პროექტი გახდა, რომელმაც „სეზარი“ დაიმსახურა საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.