უკრაინული კომპანია „ენერგოატომის“ ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რადიაციული და სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის რისკით მუშაობს. კომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ დღეში ორჯერ დაბომბვა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით, ქარხნის უსაფრთხო მუშაობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. მათივე ინფორმაციით, ელექტროსადგურის ერთ-ერთ ენერგობლოკზე საგანგებო დაცვა გააქტიურდა, აზოტ-ჟანგბადის სადგური და კომბინირებული დამხმარე შენობა კი - დაბომბვის შედეგად სერიოზულად დაზიანდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სადგურის უკრაინელი პერსონალი ოკუპაციის ქვეშ აგრძელებს მუშაობას და ყველა ღონეს მიმართავს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.