რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, გასული დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზარალდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოწინააღმდეგე აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის სახლების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების, ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევაა.
„მტერმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 3 სარაკეტო და 22 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეები 90-ზე მეტჯერ დაბომბა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დაზარალდა 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა, მათ შორის მიკოლაივში, ზაპოროჟიეში, სოლედარში, ბელოგორიეში, ნოვოპოლიში, პერვომაისკოეში, ტემიროვკაში, სუხოი სტავოკში, მიროლიუბოვკაში, პეტროვკაში, ბერეზნეგოვატოეში, ბელოგორივკაში, სპორნისა და კრასნოგოროვში.