მორიგი რეკორდი - საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი ისევ გაიზარდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ თითქმის 74 მლნ აშშ. დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 398%-ით მეტია.
შარშან, საანგარიშო პერიოდში დენის ექსპორტიდან შემოსავალმა 15 მლნ დოლარს მიაღწია. შესაბამისად, წელს, უკვე მეორე თვეა ელექტროენერგია ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ათეულში ხვდება. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის ასეთი დიდი მოცულობით ექსპორტი არ განხორციელებულა. რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, 2022 წლის 8 თვეში საქართველომ ყველაზე დიდი მოცულობით ელექტროენერგია თურქეთში გაყიდა, მეორე ადგილზეა სომხეთი, მესამეზე კი აზერბაიჯანი.
ამასთან, საქსტატის ცნობით, წელს საქართველომ მხოლოდ 34 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია იყიდა და ისიც ძირითადად ზამთრის და გაზაფხულის პერიოდში.