პარლამენტი 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე სამი კომიტეტის ახალ თავმჯდომარეებს აირჩევს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელების თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძემ “საზოგადოებისთვის მეტი სიმართლის თქმის“ არგუმენტით ფრაქცია “ქართული ოცნებიდან“ გავიდნენ. შესაბამისად, მათ საპარლამენტო პოსტების დატოვება მოუხდათ.
“ქართულმა ოცნებამ“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ - კახი კახიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელად - ირაკლი მეძმარიაშვილი, ხოლო ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ - ზაზა ლომინაძე წარადგინა.
მათი არჩევისთვის საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.