ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 52 წლის კომივოიაჟორი, რომელსაც მხოლოდ საცალო ვაჭრობის გამოცდილება ჰქონდა და არც უცდია სარესტორნო ბიზნესით დაინტერესება, ერთ მშვენიერ დღეს მრავალმილიონიანი იმპერიის მფლობელი გახდებოდა. თუმცა, თავად რეი კროკი არასდროს იზღუდებოდა მსგავსი სტერეოტიპებით, პირიქით, შერყეული ჯანმრთელობის მიუხედავად, ყოველთვის იმედიანად უყურებდა მომავალს და შესაძლოა, სწორედ ოპტიმიზმი, თანდაყოლილი ავანტიურიზმი დაეხმარა მეტად სარისკო ჩანაფიქრის განხორციელებაში - McDonald’s-ის პოპულარული რესტორნების ქსელის გამართვასა და სწრაფი კვების კულტის დამკვიდრებაში.
რეიმონდ ალბერტ კროკი 1902 წლის 5 ოქტომბერს დაიბადა ილინოისის შტატის პროვინციულ ქალაქ ოუკ-პარკში. მცირეწლოვან რეის არაფრით გამორჩეული ბავშვობა ჰქონდა, რადგან თანატოლების მსგავსად, მასაც ძალიან ეზარებოდა სკოლაში სიარული და გაკვეთილების მომზადება, თუმცა მშობლების წყალობით ადრეული ასაკიდან მიეჩვია მუშაობას. მართალია, მისის კროკმა კარიერას დიასახლისობა და შვილების აღზრდა ამჯობინა, მაგრამ მუსიკას მაინც ვერ უღალატა, ბრწყინვალედ უკრავდა ფორტეპიანოზე და შეძლებულ ამერიკელებისაც ხშირად სტუმრობდა კერძო გაკვეთილებით, რეის კი, საშინაო მეურნეობას აბარებდა, რომელსაც მომავალი მეწარმე ყოველთვის უფროსის პასუხისმგებლობით უძღვებოდა.
არანაკლები შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა რეის მამა - ლუი კროკი, რომელმაც 12 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა ადგილობრივ საბაყლოში, მერე კი, სოლიდურ ფირმაში გადაინაცვლა, სადაც ფულად გადარიცხვებს ახორციელებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მართალია, უფროსი კროკი ვერასდროს დაიკვეხნიდა მსხვილი ფინანსური ოპერაციებით, მაგრამ სარფიანად ინვესტირების, ხარჯის დაგეგმვის და გადასახადებისგან თავის არიდების გამოცდილება ნამდვილად შეიძინა, რაც მოგვიანებით საკუთარ შვილსაც გადასცა. მეტიც, სწორედ მამამ განუვითარა რეის ის უნარები, რომლებიც წლების შემდეგ McDonald’s-ის ქსელის შექმნისას გამოიყენა, თანამედროვე რესტორნების უნაკლო სისუფთავეს კი, სწრაფი კვების მოყვარულები მის ბებიას - მისის დალმას უნდა უმადლოდნენ, რომელიც თვითონაც დისციპლინის, სისუფთავის მანიით იყო შეპყრობილი და შვილიშვილსაც იგივე „მანია“ განუვითარა.
არავინ იცის, პატრიოტიზმმა აიძულა კროკს ფრონტზე წასვლა თუ აზარტმა, მაგრამ პირველ მსოფლიო ომში, რომელშიც შეერთებული შტატები 1917 წელს ჩაება, რეი მოხალისეთა რიგებში, თან კანონის დარღვევით აღმოჩნდა. მართალია, არასრულწლოვან კროკს ომში გაწვევა არ ემუქრებოდა, მაგრამ ასაკის რამდენიმე წლით მომატებით და საბუთების გაყალბებით საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც იმ პერიოდისთვის იშვიათი, ამიტომ მეტად პრესტიჟული სპეციალობა შეიძინა - ავტომობილის მართვა ისწავლა და სანიტარული მანქანის მძღოლობა ითავა. სხვათა შორის, იმავე ასეულში მსახურობდა უოლტ დისნეიც, თუმცა კროკთან ნაცნობობა არასდროს ჰქონია.
„ფასტფუდის“ მომავალმა მეფემ განსაკუთრებული გმირობის გარეშე გაიარა სამხედრო სამსახური, თუმცა არც ლაჩრობით შეირცხვინა თავი, პირნათლად მოიხადა ვალი და 1918 წელს, ომის დასრულების შემდეგ სრულიად შეცვლილი - ნაკლებად ინფანტილური, საკუთარ თავში დარწმუნებული და წვრილმან მაქინაციებში დახელოვნებული დაბრუნდა სამშობლოში.
ვაჭრობამ რეი ადრეულ ასაკში გაიტაცა, როცა ჯერ ბიძას ეხმარებოდა ქუჩაში გაზიანი წყლის გაყიდვაში, მერე სკოლაში ცდილობდა ღია ბარათების, ტკბილეულის და სხვა წვრილმანის გასაღებას, თუმცა განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან 1920-იანი წლების ამერიკაში მოსახლეობის დიდი ნაწილი მომჭირნედ ცხოვრობდა, ბავშვებს კი, ჯიბის ფული იშვიათად ჰქონდათ.
გამოსაშვებ კლასში კროკი მუსიკით დაინტერესდა, რომლის წყალობით ბიზნესის წარმოების პირველი გამოცდილება შეიძინა. რეიმ სკოლის მეგობრებთან ერთად იქირავა 25 დოლარად ნესტიანი სარდაფი და მცირე მუსიკალური მაღაზია გახსნა. მართალია, იაფფასიან ინსტრუმენტებთან ერთად მოზარდებმა ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებების პარტიტურებიც გამოფინეს, რეი კი, პუბლიკის მისაზიდად პირდაპირ მაღაზიაში აწყობდა საფორტეპიანო გამოსვლებს, მაგრამ წამოწყებამ არ გაამართლა, რადგან პროვინციული ოუკ-პარკის მოსახლეობა არასდროს გამოირჩეოდა განსაკუთრებული მელომანობით.
ომიდან დაბრუნებულმა კროკმა რამდენიმე კვირა უმიზნოდ ხეტიალში, გართობაში გაატარა და ალბათ, კიდევ დიდხანს გააგრძელებდა უსაქმურობას, რომ არა საბედისწერო შეხვედრა ეტელ ფლემინგთან, რომელიც ერთი ნახვით შეუყვარდა. მართალია, რეიმ გაცნობისთანავე მოინდომა ეტელზე დაქორწინება, მაგრამ, მისი მშობლები აღმოჩნდნენ წინააღმდეგი, რომელთაც სასიძოს ულტიმატუმი წაუყენეს და ან მუდმივი სამუშაოს მონახვა ან სამუდამოდ დამშვიდობება შესთავაზეს.
უზომოდ შეყვარებულმა რეიმ ულტიმატუმი მიიღო და რამდენიმე დღეში ჩიკაგოში, კომპანია Lily Cup-ს წარმომადგენლის სტატუსით შეუდგა ქუჩაში მუყაოს ჭიქების გაყიდვას, თავისუფალ დროს კი, დედის მსგავსად ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა შეძლებული ამერიკელების შვილებს. Lily Cup-ში, სადაც 3-წლიანი მუშაობის შემდეგ საუკეთესო გამყიდველად დასახელდა და ანაზღაურებაც მოემატა, კროკმა 1930-იანი წლების ბოლომდე იმუშავა და ერთს მხრივ, ორგანიზატორული უნარები, მეორეს მხრივ, თანდაყოლილი ორატორული ნიჭი დახვეწა, მოგვიანებით კი, ბევრად მსხილ კომპანიაში გადაინაცვლა და ამჯერად მიქსერების გაყიდვას შეუდგა.
ცნობილი ამერიკელი ინჟინრის ერლ პრინსის მიერ შემუშავებული ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც კოქტეილის მოსამზადებლად გამოიყენებოდა, მეწარმეთა დიდმა ნაწილმა დაიწუნა, კროკმა კი, რომელიც საკუთარი საქმის წამოწყებას გეგმავდა, ნოვატორული გამოგონება მოიწონა და პრინსთან მოლაპარაკების შემდეგ ჯერ საკუთარი ფირმა გახსნა, მერე მიქსერების მთელი ქვეყნის მასშტაბით გაყიდვის ლიცენზია მოიპოვა. რა თქმა უნდა, შემოსავლის გარკვეულ ნაწილს ახლადგამომცხვარი მეწარმე პარტნიორ პრინსს ურიცხავდა, თუმცა თვითონაც ყოველთვის მოგებული რჩებოდა.
1939 წელს კროკმა ბიზნესი გააფართოვა, საკუთარი ფირმა კომპანიად Malt-A-Mixer-ად აქცია და თანაშემწე, ჯუნ მარტინო დაიქირავა, რომელიც პირველი ქალბატონი გახდა, ვინც ოფიციალურად დაიწყო საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა, მოგვიანებით კი, ინვესტორისა და თანამფლობელის სტატუსით გადაიბარა McDonald’s-ის ქსელის რესტორნების ნაწილი.
მარტინო მეტწილად ჩიკაგოს ოფისში მუშაობდა, კროკი კი, შტატიდან შტატში მოგზაურობდა და მიქსერად წოდებულ ინოვაციურ მოწყობილობას ბარებს და რესტორნებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებსა და შემთხვევით ნაცნობებს სთავაზობდა. კლიენტებს კროკი ძირითადად სწრაფი კვების რესტორნების მფლობელებს შორის პოულობდა, რომლებიც 1920-იან წლებში გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა მთელ ამერიკაში. მართალია, 1950-იანი წლების დასაწყისში ქვეყნის ეკონომიკამ სერიოზული კრიზისი განიცადა, მაგრამ სწორედ მასშტაბური უსიამოვნების ფონზე წამოიწყო მომავალმა მილიონერმა წარმატებული ბიზნესი.
1954 წელს, როცა საგრძნობლად შემცირდა მოთხოვნა კროკის მიქსერზე, რეიმ მართლაც ფანტასტიკური დაკვეთა მიიღო, რადგან მისთვის უცნობმა პატარა რესტორანმა სან-ბერნარდინოდან ერთის ნაცვლად რვა აპარატის შეძენა მოინდომა. რეიმ სწრაფად დაიანგარიშა და ძალიან გაოცდა, როცა აღმოაჩინა, რომ ამგვარი ნაკრების ერთდროულად ამუშავება ერთგვარ კონვეიერს ემსგავსებოდა, რომელიც საშუალოდ 40 კოქტეილის ამზადებდა. რა თქმა უნდა, ცნობისმოყვარეობამ და მეწარმის თანდაყოლილმა ალღომ კროკს კალიფორნიაში გამგზავრება აიძულა, სადაც ძმებმა მიკ და დიკ მაკდონალდსებმა ჯერ ექსკურსია მოუწყვეს საკუთარ რესტორანში, მერე მისი მუშაობის პრინციპი გააცნეს.
კროკი პირველ რიგში სამზარეულოთი აღფრთოვანდა, რომელიც მართლაც კონვეიერივით მუშაობდა და უწყვეტად უზრუნველყოფდა გრძელ რიგში ჩამდგარ კლიენტებს შეკვეთილი კერძებით. შთამბეჭდავი აღმოჩნდა კონკურენტებთან შედარებით დაბალი ფასი და ერთჯერადი მუყაოს კონტეინერებიც საკვებისთვის. ამასთანავე, კლიენტებს არ უწევდათ მიმტანის ლოდინი, რადგან სალაროსთან მისულები თვითონ ირჩევდნენ სასურველ კერძს, საფასურის გადახდის შემდეგ კი, მშვიდად ელოდნენ შეკვეთილის მიღებას.
McDonald’s-ის ისტორია ამერიკისთვის ჩვეული DriveIn-სტილის კაფეთი დაიწყო, როცა კლიენტს მანქანიდან გადმოსვლის გარეშე შეეძლო შეკვეთის გაკეთება და მიღება. პირველი რესტორანი ძმებმა კალიფორნიის ქალაქ არკადიაში გახსნეს, თუმცა სწრაფად გაუცრუვდათ იმედი, რადგან ნაკლებად შეძლებული მოსახლეობა, ვისთვისაც წარმოუდგენელი ფუფუნება იყო მსგავსი მომსახურება, ვერასდროს დაეხმარებოდა ბიზნესის განვითარებაში. თუმცა, მაკდონალდსებმა უკან არ დაიხიეს და ნაწილებად დაშლილი რესტორნის შენობა არკადიიდან მეზობელ სან-ბერნარდინოში გადაიტანეს.
ახალი რესტორნის პირვანდელ მენიუში 27 პოზიცია მოინიშნა, რომლის დიდ ნაწილს არავინ ინტერესდებოდა, მით უფრო, რომ ასორტიმენტში სიგარეტიც მოხვდა, რომელმაც ასოციალური ელემენტები - რთული მოზარდები და ახალგაზრდა კრიმინალები მიიზიდა, პოტენციალური მომხმარებელი კი, ვისაც რეალური შემოსავლის მოტანა შეეძლო, დიდი ხნით დააფრთხო. ამასთანავე, ძმებს არ აკმაყოფილებდათ მომსახურების სისწრაფე, რადგან ზოგჯერ კლიენტებს მთელი საათი უწევდათ რიგში დგომა. მაკდონალდსებმა ახალი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს - ჯერ სამზარეულოს მუშაობის სქემა შეცვალეს და ახალი ტექნოლოგიით, მათ შორის კროკის მიქსერებით აღჭურვეს, მერე მხოლოდ ყველაზე მოთხოვნადი ჰამბურგერის, კარტოფილ „ფრისა“ და გაზიანი წყლის შენარჩუნებით, მაქსიმალურად შეამცირეს მენიუ. ამასთანავე, უარი თქვეს სიგარეტის გაყიდვაზე, ტრადიციული ჭურჭელი კი, მუყაოს ერთჯერადი კონტეინერებით ჩაანაცვლეს.
სწორედ ამგვარი რესტორნით მოიხიბლა კროკი, როცა სან-ბერნარდინოში აღმოჩნდა, რადგან სასიამოვნო გარემოში სწრაფად, გემრიელად და იაფად წახემსებას ადგილობრივებიც დიდად აფასებდნენ, რაც თავის მხრივ, სოლიდურ შემოსავალს გულისხმობდა. რეიმ ჯერ პარტნიორობა შესთავაზა ძმებს, მერე ბიზნესის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას და მილიონიან შემოსავალს შეჰპირდა, სანაცვლოდ კი, ფრანშიზის გაყიდვის უფლება მოითხოვა.
მაკდონალდსები დიდხანს ორჭოფობდნენ, თუმცა საბოლოოდ მაინც სიხარბემ სძლიათ და რეის წინადადებას დათანხმდნენ, თუმცა 15 ათასი დოლარი მაინც მოითხოვეს და მხოლოდ 10 წლით გადასცეს ფრანშაიზის გავრცელების უფლება. მართალია, კროკისთვის ვერცერთმა ბანკმა ვერ გაიმეტა კრედიტი, მაგრამ რეიმ მაინც არ თქვა უარი საკუთარ წამოწყებაზე, მეუღლის კატეგორიული უარის მიუხედავად საკუთარი სახლით გარისკა და რა თქმა უნდა, გაუმართლა.
თუმცა, წარმატებამ რამდენიმე წლით დაიგვიანა. თავიდან კროკმა მხოლოდ 18 ფრანშიზის რეალიზება მოახერხა, რადგან პოტენციალური მყიდველების დიდმა ნაწილმა ლიცენზიის გაცნობისთანავე თქვა მასთან თანამშრომლობაზე უარი. შედეგების გაანალიზების შემდეგ კროკმა რადიკალურად შეცვალა სტრატეგია და კლიენტების შერჩევისას პირველ რიგში მათ ამბიციებსა და ფინანსურ შესაძლებლობებზე გააკეთა აქცენტი.
კროკის პირველ სერიოზულ კლიენტად ჩიკაგოელი ჟურნალისტი სენფორდ აგატე იქცა, რომელიც მანამდეც დიდხანს ფიქრობდა საკუთარი საქმის დაწყებას. აგატემ არა მხოლოდ დააკმაყოფილა ფრანშიზის მოთხოვნები, არამედ სრულიად ახალი რესტორანი წამოჭიმა არენდით აღებულ მიწაზე. არ დააყოვნა არ შედეგმა, რადგან რესტორანმა პირველსავე დღეს უამრავ სტუმარს უმასპინძლა.
1950-იანი წლების ბოლოდ რეიმ წარმატებული მეწარმე ჰარი სონებორი გაიცნო, რომელიც კომერციული შენობებისთვის აქირავებდა მიწის ნაკვეთებს. ზედმეტად გათამამებულმა კროკმა მაკდონალდსებთან მოლაპარაკების გარეშე გააფორმა ახალ პარტნიორთან შეთანხმება და რესტორნების აშენებისთვის ქირით მიწის გაცემაზე გაურიგდა, ლიცენზიაში კი დამატებითი პუნქტი შეიტანა, რომელიც ყველა მფლობელს ახალი რესტორნის საერთო სტანდარტებით აშენებას ავალდებულებდა.
მაკდონალდსები დიდხანს ვერ მიხვდნენ, რომ კროკმა გააცურა, რომელიც სწორედ მიწის გაქირავებით მდიდრდებოდა. მეტიც, 1959 წელს რეიმ საკუთარი კომპანია Franchise Realty Corporation დააფუძნა, რომელიც მოგვიანებით ლეგენდარულ McDonald’s Corporation-ად აქცია, თუმცა, გარდამტეხი მაინც 1961 წელი აღმოჩნდა, როცა მაკდონალდსებისგან 2,7 მილიონ დოლარად გამოისყიდა ბიზნესი, ძმებს კი, მხოლოდ კუთვნილი რესტორანი დაუტოვა სან-ბერნარდინოში, რომელმაც სახელი შეიცვალა და Big`M გახდა, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ისიც გაუქმდა, რადგან გაკოტრებულმა ძმებმა ერთიანად დაკარგეს მთელი ქონება. სხვათა შორის, არსებობს ვერსია, თითქოს სწორედ კროკმა გააკოტრა ძველი პარტნიორები, როცა ინკოგნიტოდ შეიძინა მიწის ნაკვეთი Big`M-თან ახლოს, McDonald’s-ის მორიგი რესტორანი გახსნა და 6 წელიწადში სამუდამოდ ჩამოაშორა ძმები ბიზნესს.
1960-იანი წლების დასაწყისში კროკის წლიურმა შემოსავალმა 500 ათასს გადააჭარბა. მეტიც, სწრაფი კვების რესტორნების ქსელი პრაქტიკულად ყოველდღე ფართოვდებოდა, მუდმივად ცვლილებებზე ორიენტირებული კროკი, კი, რომელიც ხან მენიუს ცვლიდა, ხან კერძების ინგრედიენტებსა და მომზადების წესს, იმავე სისწრაფით მდიდრდებოდა, 1970-იანი წლების დასაწყისში კი, რეიმ სონებორიც ჩამოიცილა, რითაც McDonald’s Corporation-ის შემოსავლები გაზარდა და ბიზნესის ერთპიროვნული მფლობელი გახდა.
რეი ახალგაზრდობაშივე დარწმუნდა კონკურენტების სიძლიერეში, ამიტომ ცხოვრების წესად აქცია არსებული სიტუაციის ობიექტურად შეფასება, ყველაფრის გულდასმით გაანალიზება და ისეთი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც კონკურენტებთან ბრძოლაში რამდენიმე ნაბიჯით დააწინაურებდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ბიზნესმენისთვის თამამად გარისკვის უნარიც, რაც ჯერ მიქსერების გაყიდვის კომპანიის გახსნით დაადასტურა, მერე მაკდონალდსებთან გაფორმებული პირველი შეთანხმებით, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პატარა რესტორანი პროვინციულ სან-ბერნარდინოში რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მსოფლიოს უმსხვილეს და ყველაზე პოპულარულ კვების ობიექტად იქცეოდა.
ამასთანავე, კროკი დარწმუნებული იყო, რომ წარმატებული ბიზნესის საწარმოებლად მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინება და საკუთარ შემოსავალზე ზრუნვა იყო საჭირო, ზედმეტი სენტიმენტებისა და პარტნიორებისთვის ანგარიშის გაწევის გარეშე. როგორც ჩანს, სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა კროკი, როცა ჯერ მაკდონალდსები გააკოტრა, მერე სონებორის ჩამოშორების გადაწყვეტილება მიიღო.
1974 წელს McDonald’s Corporation-ის დატოვების და დამსახურებულ პენსიაზე გასვლის შემდეგ კროკი ბავშვობის გატაცებას - საყვარელ ბეისბოლს დაუბრუნდა, რომელსაც არასდროს თამაშობდა, თუმცა ყოველთვის თავგამოდებით გულშემატკივრობდა. მართალია, ბიზნესმენმა 12 მილიონად შეიძინა კლუბი San Diego Padres და ყველანაირად სცადა მისი განვითარება, მაგრამ უმაღლესი ლიგის ერთ-ერთმა ყველაზე სუსტმა გუნდმა განსაკუთრებულ შედეგს მაინც ვერ მიაღწია, რითაც გული დაწყვიტა საკუთარ მფლობელს, „ჰამბურგერს უფრო იმედიანი მომავალი აქვთ, ვიდრე სან-დიეგოს კლუბს“, - აღნიშნა კროკმა, რომელმაც ზარალიანი წამოწყება საკუთარ სიძეს გადასცა მმართველობაში.
რეი კროკი 1984 წელს გარდაიცვალა. ბიზნესმენის კაპიტალმა 1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 1980-იან წლებში მართლაც კოლოსალურ თანხას წარმოადგენდა, თუმცა კროკმა მაინც ვერც შეძლო საკუთარი ქონებით დატკბობა, რადგან ალკოჰოლის ჭარბად მოხმარებით ჯანმრთელობადამძიმებული პრაქტიკულად მთელ დროს კლინიკებში ატარებდა. სწორედ ანონიმური ალკოჰოლიკების ცენტრში მკურნალობდა ბიზნესმენი ინსულტის გადატანის შემდეგ, თუმცა მკურნალობა ნაკლებად შედეგიანი აღმოჩნდა და საბოლოოდ გულის შეტევით გარდაიცვალა.