საკუთარი სივრცის ან პირადი ნივთების დასაცავად ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნეში გამოიგონეს ჩამკეტი საშუალება - ბოქლომი და მისი დახურვისა და გახსნისთვის საჭირო ელემენტი გასაღების სახით. მას შემდეგ საუკუნიდან საუკუნემდე ეს ნივთები განაგრძობენ ჩვენი ყოველდღიურობის დაცვას და რამდენად განვითარდა ზოგადად საკეტი ტექნოლოგიურად, ამის შესახებ დღევანდელი გადაცემიდან შეიტყობთ.
ტიპური გასაღები ლითონისგან მზადდება და როგორც წესი ორი ნაწილისგან შედგება: კბილანებისგან, რომელთა რაოდენობა, სიგრძე და სიმაღლე სხვადასხვა საკეტისთვის არის შექმნილი და მისი მეორე მხარე, რომელიც როგორც წესი გამოყვანილი ფორმებით გამოირჩევა ხელის მოსაკიდებლად და გადასატრიალებლად. ყოველი გასაღების საკეტი მოითხოვს უნიკალურ გასაღებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ათეული საუკუნის განმავლობაში ამ ნივთმა მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა შეიძინა და დღესდღეობით ის გვხვდება მუსიკაშიც, სადაც ორი ტიპის გასაღები მუსიკალური ნაწარმოების ხასიათს გადმოსცემს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნახავთ სუვენირს, რომელიც კონკრეტული ქვეყნის სახელწოდების გასაღებს წარმოადგენს, ისევე როგორც ბოქლომს, რომლის მისტიკურ-ფუნქციური დატვირთვა კარიდან ხიდებამდე ინაცვლებს და ურთიერთობის მარადიულობასაც კი ემსახურება.
საკეტები 6000 წლის წინ გამოჩნდა. ერთ-ერთი ადრეული მაგალითი ძველი ასურეთის დედაქალაქ ნინევეს ნანგრევებშია აღმოჩენილი. ეგვიპტურ სარკოფაგებში დაცული ნივთები ცხადყოფს, რომ საკეტები ხისგან მზადდებოდა. ეს რთული მოწყობილობა იყო, ბევრად რთული ვიდრე დღევანდელი თუნდაც ყველაზე სანდო ბოქლომი და ეს იმის გათვალისწინებით რომ ლითონის ნაცვლად ბევრად არამყარი მასალის, ხისგან იყო შექმნილი. ოდნავ გვიანი პერიოდით დათარიღებული ბოქლომ-გასაღები გვხვდება ევროპის ქვეყნებშიც. პირველი მთლიანად ლითონის საკეტები 870-900 წლებში გამოჩნდა და ინგლისელი ხელოსნების მიერ დამზადებული ნამუშევრებია, რომელთა სისტემა ასევე რთული და საინტერესო იყო. ცნობილია ჩანაწერები, რომლის მიხედვით გასაღების გამოგონება თეოდორე სამოსელს მიეწერება ძვ.წ VI საუკუნეში. "რომაელებმა გამოიგონეს ლითონის საკეტები და გასაღებები და უსაფრთხოების სისტემა, რომლითაც პალატებია უზრუნველყოფილი“ - ნათქვამია ჩანაწერებში.
მე-20 საუკუნემდე იქმნებოდა უნიკალური გასაღები, მხოლოდ ერთი ეგზემპლარი კონკრეტული საკეტისთვის, მისი დუბლირება 1917 წლიდან დაიწყო. დღესდღეობით, სახლის გასაღების რამდენიმე დუბლიკატი მოჰყვება საკეტსაც და ბოქლომსაც რომელსაც მაღაზიაში შეიძენთ, ან დაკარგვის შემთხვევაში მისი აღდგენა აღარ წარმოადგენს პრობლემას.
და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გასაღებისა და საკეტების შესახებ ინგლისში გასაღებების ცერემონია გახლავთ, რომელიც საუკუნეებს ითვლის და დღემდე ამ კულტურის ნაწილია. ლონდონის კოშკში, გასაღებების ცერემონია ყოველ ღამით ტარდება, როდესაც მესაზღვრეები კოშკის კარის ჩაკეტვის რიტუალში ერთვებიან და ცვლიან ერთმანეთს. გასაღებების ცერემონია უძველესი რიტუალია, რომელიც საღამოს ლონდონის ტაუერში იმართება, როდესაც მთავარი კარიბჭე ღამით იკეტება. ამბობენ, რომ ეს არის მსოფლიოში უძველესი სამხედრო ცერემონია და არის კოშკის ყველაზე ცნობილი საზეიმო ტრადიცია. ზუსტად საღამოს 21:53-ზე, უფროსი იეომან უორდერი Yeoman Warder, ტუდორის სათვალთვალო ქურთუკში გამოწყობილი ფარნით ხელში ტოვებს Byward Tower-ს და სამხედრო ესკორტით, რომელიც ლონდონის ტაუერის შეიარაღებული წევრებისგან შედგება მიემართება კოშკის კარისკენ. მისი ამჟამინდელი ფორმით ცერემონია სავარაუდოდ მე-19 საუკუნით თარიღდება, როდესაც იეომენის მცველების ინსტიტუტი რეფორმირებული იქნა კოშკის მაშინდელი კონსტბლის, ველინგტონის ჰერცოგის მიერ. ცერემონია არასოდეს გაუქმებულა, ის მხოლოდ ერთხელ გადაიდო მეორე მსოფლიო ომის დროს მტრის მოქმედების გამო.
დღესდღეობით ჩვენ ყოველდღიურად ვიყენებთ გასაღებს და საკეტებს, სხვადასხვა სირთულის მექანიზმებს ამა თუ იმ ზომის ნივთებისთვის, იქნება ეს სახლი, მანქანა, ზარდახშა თუ დღიური. ამ მექანიზმებს ვიღებთ თავისთავად, მაგრამ ოდესღაც ისინი არც კი არსებობდა. ფაქტია, რომ მათი არსებობა აუცილებელია და შესაბამისად სისტემის სრულყოფა ჩვენი დაცულობის გარანტიებთან იკვეთება.