„სტილი - ერთადერთი ფუფუნებაა, რომლისთვისაც ყოველთვის ღირს ძვირის გადახდა“, - აღნიშნა ლეგენდარულმა იტალიელმა დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ, რომელიც დიდი ხანია მსოფლიო მოდის მთავარ კანონმდებლად ითვლება, რადგან მკაცრი კლასიკური სტილის შემსუბუქებით, სპორტული და ე.წ casual-ელემენტების დამატებით არმანიმ თავისუფალი, თუმცა საოცრად ელეგანტური სტილი შექმნა და ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მოდის სამყაროში. დღეს Armani წარმატების სიმბოლოდ ითვლება, რადგან ბრენდის სამოსი, პარფიუმი და აქსესუარები ყოველთვის მისი მფლობელის დახვეწილ გემოვნებასა და რესპექტაბელურობაზე მიანიშნებს.
ჯორჯო არმანი 1934 წლის 11 ივლისს დაიბადა იტალიის ჩრდილოეთში, პატარა ქალაქ პიაჩენცაში. მისმა მშობლებმა ერთმანეთი მილანში, სამოყვარულო დასის სპექტაკლზე გაიცნეს და რამდენიმე თვეში იქორწინეს. მართალია, უგო და მარია ღარიბი, მაგრამ საოცრად შემოქმედებითი ადამიანები იყვნენ, ძალიან უყვარდათ მუსიკა, თეატრი და ხელოვნების ყველა სფეროში ჩინებულად ერკვეოდნენ. როგორც ჩანს, ჯორჯომ სწორედ მშობლებისგან მიიღო მემკვიდრეობით შემოქმედებითი ნიჭი და კარგი გემოვნება, თუმცა არც ძლიერ ნებისყოფასა და მიზანდასახულობას უჩიოდა არასდროს.
ჯორჯო უფროს ძმასთან სერჯიოსთან და უმცროს დასთან როზანასთან ერთად იზრდებოდა, თუმცა მისი ბავშვობა იტალიისთვის მეტად მძიმე პერიოდს - მეორე მსოფლიო ომს დაემთხვა, როცა ქვეყანას დიქტატორი ბენიტო მუსოლინი მართავდა და ნებისმიერს ემტერებოდა, ვინც მის ნაცისტურ იდეებს ეწინააღმდეგებოდა. ომის წლები განსაკუთრებით მძიმე ღარიბი ოჯახებისთვის აღმოჩნდა, რადგან არა მხოლოდ ინტენსიური დაბომბვისგან, არამედ შიმშილისა და დევნისგანაც უწევდათ თავის დაღწევა. მცირეწლოვანი ჯორჯოს მეხსიერებაში მძიმე მოგონებად დაილექა ომის წლები, უკვე ზრდასრულმა კი სინანულით აღნიშნა, რომ არასდროს ჰქონია ბავშვობა, რადგან ყოველთვის უფროსების გვერდით იბრძოდა გადარჩენისთვის.